იმ პოლიტიკოსებს, რომლებსაც ევროპარლამენტიდან ჩვენი მაყურებელიც კარგად იცნობს, რომლებიც ძალიან აქტიურები იყვნენ ხოლმე და საქართველოს კრიტიკით ხშირად გამოირჩეოდნენ, ჩემთვის პირდაპირი ტექსტით უთქვამთ, ახლა თქვენ გააკეთეთ განაცხადი, ჩვენ კანდიდატის სტატუსს მივცემთ უკრაინას და მოლდოვას, საქართველო არ მიიღებს კანდიდატის სტატუსს ივნისში და ვნახოთ, როგორი იქნება 85%-ის რეაქცია საქართველოში, ვისაც ევროკავშირში უნდაო, – ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „დღის თემა“ განაცხადა.

"ეს იყო პირდაპირი აღიარება გარკვეული პოლიტიკოსების მხრიდან, რომ ისინი ევროკავშირში ინტეგრაციას, იმ საკითხს, რომელიც ჩემი ქვეყნისთვის არის ეროვნული მნიშვნელობის, იყენებდნენ, როგორც ინსტრუმენტს და ეს იყო ძალიან სამწუხარო, თუმცა რეალური.

ამას არ ვყვები ვიღაცისგან გაგონილს. მე ხშირად დავდიოდი, მათ შორის, ევროპარლამენტში და ძალიან ხშირად, შეიძლება ითქვას, ყოველთვე, როდესაც იყო სესიები სტრასბურგში, შესაძლებლობა მქონდა, ჩემ ევროპელ კოლეგებთან, პარტნიორებთან მქონოდა დიალოგი ძალიან ბევრ თემაზე საქართველოსთან დაკავშირებით“, – განაცხადა ბოჭორიშვილმა.

გადაცემის წამყვანის შეკითხვაზე, ხედავს თუ არა საქართველოს ხელისუფლება გარკვეულ საფრთხეს ნატო-ში ინტეგრაციის შეფერხების მხრივ მარია ზახაროვას განცხადების მიღმა, სადაც ის ამბობს, რომ მათთვის ზეპირი განცხადებები საკმარისი არ არის და მოსკოვი პირდაპირ ითხოვს ბუქარესტის სამიტის დეკლარაციის გადახედვას, რომელშიც წერია, რომ საქართველო და უკრაინა აუცილებლად გახდებიან ნატო-ს წევრები, მაკა ბოჭორიშვილმა განაცხადა, რომ ეს არის საწყისი ეტაპი, როდესაც აშშ-მა და რუსეთმა დიალოგი დაიწყეს გარკვეულ საკითხებზე, რომლებიც უკავშირდება და აუცილებლად დაუკავშირდება ევროპაში გარკვეულ წესრიგს, თუ როგორი იქნება ეს წესრიგი მომავალში და ახლა დასკვნების გაკეთება არასერიოზული იქნება. საქართველომ უნდა შეხედოს, როგორ წარიმართება მოლაპარაკებები და როგორი იქნება ნატო-ს წევრი ქვეყნების პოზიციონირება.

„საქართველოს აქვს გაცხადებული მიზანი. ჩვენ კონსტიტუციაში გვიწერია, რომ საქართველო უნდა გახდეს ევროკავშირის და ნატო-ს წევრი და ეს არის ის, რაც სურს საქართველოს, მაგრამ საქართველო ვერც ევროკავშირის წევრი გახდება და ვერც ნატო-ს წევრი, თუ ევროკავშირის და ნატო-ს წევრი ქვეყნების თანხმობა და გადაწყვეტილება არ იქნება ამასთან დაკავშირებით. ჩვენ ამის გამოცდილება გვაქვს. საქართველოს არაფერი არ აკლდა ნატო-ს წევრობისთვის, თუკი შევხედავთ და გავაკეთებთ ანალიზს, რამდენად მზად იყო ზოგიერთი ის ქვეყანა, რომელიც ბოლო პერიოდში გაწევრიანდა ნატო-ში, როგორ იყო მომზადებული საქართველო ნატო-ს წევრობისთვის ზუსტად იმ პერიოდში და რა შესაძლებლობები ჰქონდა საქართველოს. ასე რომ, ჩვენ რეალისტურად უნდა შევხედოთ სიტუაციას, რა ხდება ჩვენ გარშემო, ნატო-ში, ევროკავშირში და რა გადაწყვეტილებებს შეიძლება, ველოდოთ მათი მხრიდან, თუმცა ძალიან ნაადრევია იმედის გაცრუება იმასთან დაკავშირებით, რომ რაც ახლა ზახაროვამ განაცხადა, ეს ასე იქნება და აუცილებლად მოხდება ბუქარესტის სამიტის გადახედვა ნატო-ს წევრი ქვეყნების მხრიდან“, – განაცხადა ბოჭორიშვილმა.

ასევე შეკითხვაზე, როგორია ხელისუფლების მოლოდინი აშშ-თან ურთიერთობების გადატვირთვასთან დაკავშირებით და ჩანს თუ არა გარკვეული ნიშნები, რადგან ერთი თვე გავიდა მას შემდეგ, რაც აშშ-ის ახალი ადმინისტრაცია მართვას, მაკა ბოჭორიშვილმა განაცხადა, რომ ყველა ხედავს, რა არის პრიორიტეტები და რა პრიორიტეტებით მიმდინარეობს აშშ-ის ახალი ადმინისტრაციის საქმიანობა.

„გულუბრყვილო უნდა ვიყოთ, გვგონებოდა ან გვეგონოს, რომ საქართველოთი დაიწყებოდა ამერიკის ახალი პრეზიდენტის და ახალი ადმინისტრაციის მოქმედებები მსოფლიო არენაზე. რა თქმა უნდა, ასეთი მოლოდინი არავის ჰქონია, თუმცა ერთი რამ არის ნამდვილად საყურადღებო და მნიშვნელოვანი, რომ დრო არის დიპლომატიისთვის, ამას ამბობს აშშ-ის ახალი ადმინისტრაცია და, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანი იქნება, როგორი დიპლომატიით ვივლით ჩვენ საერთაშორისო ურთიერთობებში და როგორი იქნება პარტნიორებთან დამოკიდებულება. რა თქმა უნდა, საქართველოსთვის აშშ არის ძალიან მნიშვნელოვანი პარტნიორი და საქართველოსთვის ძალიან მნიშვნელოვანია აშშ-თან ურთიერთობა“, – განაცხადა ბოჭორიშვილმა.

მისივე თქმით, საქართველო ნამდვილად არ არის პასიური, მაგრამ დიპლომატიაში არის ოქროს წესი, რომ სწორ დროს სწორად უნდა იმოქმედო და, რა თქმა უნდა, ეს სწორი დროც სწორად უნდა იყოს შერჩეული, რაც ძალიან მნიშვნელოვანია.