ვარდების რევოლუციიდან 20 წელი გავიდა და იმის გათვალისწინებით, როგორც დავიწყეთ, როგორც მივდიოდით და სადაც მივდიოდით, წესით,  დღეს უკვე უნდა ვყოფილიყავით ნატოშიც და ევროკავშირშიც. 
და სად ვართ?!  რუსის ჩექმის ლანჩზე! 
თუ რამე გვევალება, არის ის რომ ვთქვათ, რატომ და როგორ მოვახერხეთ თავი ამ მდგომარეობაში ჩაგვეგდო. 
“ცუდი ხალხი ვართ”, “ მოღალატეების გამო” ან “ მტერი დაუნდობელია” არ მიიღება… ყველა ერს ყავს ცუდიც, მოღალატეც და მტერიც. - ამის შესახებ საქართველოს მე-5 და მე-6 მოწვევის პარლამენტის წევრი, „ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილი წევრი მაია ნადირაძე სოციალურ ქსელში წერს. 

"ეგ მტერი ერთხელ ხომ მივაყუჩეთ?! ესე იგი მეორედაც შეიძლებოდა. 
თუ რამე განსხვავებული თვისება გვაქვს ეს არის ცანცარობა და სნობიზმი. 
ცანცარობაა, როცა გუშინდელ ქოცს, პუტჩისტს, კომუნისტს დღეს ხოტბას ასხამ ისე, რომ ერთი წუხილი და სინანული არ გამოუთქვამს თავად. 

სნობობა და პროვინციალიზმია როცა მავანის “ წიგნიერებით” (ან დაუმსახურებელი რეგალიებით) აღფრთოვანებას ვერაფრით იოკებ, როცა ის ყოველ გარდამტეხ მომენტში მტრის წისქვილის უხვი წყალია. 
ხოდა ეს ფასეულობების აჯაფსანდალი აჩლუნგებს ჩვენ მეხსიერებას, კოლექტიურ გამოცდილებას, მიღწეულის ფასს, შემდეგი სვლების სისწორეს და აშლილ-აფოფრილები საკუთარი “ჭეშმარიტების” მტკიცებით ვიოკებთ ეგოს.
არავინ იფიქროს, რომ ხალხის ბრალია მარტო და ვინმე უცოდველია ამ საქმეში. სულაც პირიქით!  ის ვისაც შეუძლია ეპოქალური ცვლილებები, მას მეტად მოეთხოვება სტოიციზმი.  
და ეს მიზანი არ იცვლება , არც ხურდავდება წვრილფეხა ინწილიგენციის კეთილგანწყობაზე. რომელიც შემდეგივე მოსახვევში გვერდზე გადგება.  ამ გვერდზე გამდგარი “ერის მამების” გამო ვგორაობთ ახლა ქოცისტანის წუმპეში. ამიტომ არის რომ დღეს “სადავოს” ხდის ვიღაც პოლიტნაგავი ვარდების რევოლუციის მონაპოვარსაც. 
და მთავარი: ვარდების რევოლუციის და შემდეგი წლების უმთავრესი მონაპოვარი  არის ქართველი ხალხის მენტალობის შეცვლა. 

გზები, სინათლე, ეროვნული გამოცდები, უსაფრთხოება,  კორუფციის გაქრობა, ჯარის შექმნა, ქვეყნის პოპულარობა, სხვა ხალხებისთვის იმედის ჩასახვა და ასე შემდეგ იყო ის ნაწილაკები, რომელთა ერთიანობამაც ერთ ჩვეულებრივ ადამიანს გადააფიქრებინა, რომ ის მეორეხარისხოვანი ქვეყნის წარმომადგენელია. ცნობიერად თუ ქვეცნობიერად მან გადაწყვიტა, რომ ის სრულუფლებიანი წევრია ღირსეული სამყაროსი, რომ მისი ქვეყანა არათუ მეორადია, არამედ რაღაცეებში უპირატესიც. ეს არის ჩვენი მენტალიტეტის, იდენტობის და თვითრეფლექსის შეცვლა. 
ეს არის ვარდების რევოლუციის უმთავრესი მიღწევა. ეს არის ის, რასაც რამდენიც არ უნდა ეცადოთ, ვერაფერს დააკლებთ, იმიტომ რომ მან თავისი სამუდამო ადგილი მოიპოვა ჩვენს თავებში. ამას ვერ მოერევა ვერც თავზე ნაცრის ყრა და თვითგვემა, ვერც შუაისტების შერჩევითი “მახვილგონიერება”და ვერც ქოცისტანი. 
ვერ მოერევა, იმიტომ რომ მათ ფსიქიკაშიც მოხდა ეს ცვლილება. ისინიც უკეთესები გახდნენ. ( დააკვირდით როგორ იჯგიმებიან ისინიც კი, ვინც ოცი წლის წინ ვარდების რევოლუციის დამაწყევრები იყვნენ)
ვარდების რეოლიციამ გააღვიძა და ახალი შინაარსი მისცა იმას რასაც ისტორიულად ქართველი ხალხი საკუთარ ჭეშმარიტ პოტენციალად მიიჩნევდა. რომ ის იყო ცივილიზაციური კვანძი და სამყაროს კარიბჭე კულტურულ და გეოპოლოტიკურ გზაჯვარედინებზე. ეს დაავიწყა რუსულმა იმპერიალიზმმა  და საბჭოთა ოკუპაციამ ქართველს  და ამ იდეის განვითარებისთვის მოსპო ყველა პლატფორმა იმით, რომ ქართველს ჩამოუყალიბა პეროფერიულობის და მარგინალური კოლონიური სუბიექტის განცდა ან იდენტობა. მაქსიმუმი რაც ჩვენ გვეგონა, იყო რომ საბჭოთა კავშირის რივიერა და კურორტი ვართ და არა გეოპოლოტიკური სისტემის მნიშვნელოვანი აქტორი.

ესაა ვარდების რევოლუციის სამუდამო მონაპოვარი და მას ვერავინ ვერაფერს დააკლებს! მეტიც, ეს არის ის უბანი ჩვენს ფსიქიკაში, რომელიც ამ ვაკქანალიიდან გამოსვლას გარდაუვალს ხდის. 
გილოცავთ ყველას და განსაკუთრებით მიხელ სააკაშვილს. მან ქნა ეს!" - წერს მაია ნადირაძე.