თბილისის საკრებულოს სხდომაზე, იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომისიის თავმჯდომარემ ლევან ჟორჟოლიანმა რამდენიმე დღის წინ, ავარიული შენობების ჩანაცვლების პროგრამასთან დაკავშირებით მედიასაშუალებებში გავრცელებულ ინფორმაციაზე განცხადება გააკეთა და პოლიტიკურ საკითხებსაც შეეხო.
როგორ ლევან ჟორჟოლიანმა აღნიშნა, გარკვეულმა მედიაორგანიზაციებმა საზოგადოება შეცდომაში შეიყვანეს და ავარიული შენობების ჩანაცვლების პროგრამა ისე წარმოაჩინეს, თითქოს მოქალაქეთა საკუთრების უფლება ილახება.
„ერთი კვირის წინ გავრცელდა ინფორმაცია, თითქოს საკრებულომ მიიღო ისეთი წესი, რომელიც ხელყოფდა საკუთრების უფლებას. ვგულისხმობ ავარიული შენობების ჩანაცვლების წესში ცვლილებას. ჩემთვის ძალიან სამწუხაროა, რომ რამდენიმე მედიასაშუალებამ ამას ხელი შეუწყო ისე, რომ ჩვენთან კონსულტაცია არავის გაუვლია. მოაწყვეს ბრიფინგები და საზოგადოება შეცდომაში შეიყვანეს. შეგახსენებთ, რომ ეს არის მუნიციპალიტეტის პროგრამა, რომელიც გარანტირებულია ბიუჯეტით. სამწუხაროდ, შექმნეს ისეთი ფონი, თითქოს ავარიული შენობებიდან მოსახლეობას ძალით გამოასახლებდნენ. განვმარტავ, რომ მუნიციპალიტეტის პროგრამა არც იწყება, არც მთავრდება და არ განხორციელდება მოსახლეობის თანხმობის გარეშე. ჩვენს ქვეყანაში, ჩვენს ქალაქში საკუთრების უფლება დაცულია. კიდევ ერთხელ ხაზს ვუსვამ, ეს პროგრამა იწყება და მთავრდება მოსახლეობის თანხმობით. ასეთ თემებთან დაკავშირებით ფრთხილად უნდა ვიყოთ ჩვენც, ექსპერტებიც და მედიაც,“- განაცხადა ლევან ჟორჟოლიანმა.
საკრებულოს უმრავლესობის წევრი ზოგად პოლიტიკურ საკითხებსაც შეეხო. ლევან ჟორჟოლიანი უკრაინის მხარდაჭერის თემაზე ოპოზიციის კრიტიკას გამოეხმაურა და განაცხადა, რომ საქართველომ, რომელსაც 300 ათასი თავისი დევნილი ჰყავს, უკრაინის დასახმარებლად ეკონომიკითაც და ზომითაც უფრო დიდ და ძლიერ ქვეყნებზე მეტი გააკეთა.
„ეს ეხება როგორც ხელისუფლებას, ისე სამოქალაქო საზოგადოებას. არ დარჩენილა ფორუმი და საერთაშორისო ტრიბუნა, მათ შორის მუნიციპალიტეტების დონეზეც კი, რომ მხარი არ დაგვეჭიროს ყველა რეზოლუციისა და გადაწყვეტილებისთვის, რომელიც უკრაინის მხარდაჭერას ეხებოდა და ამ მხარდაჭერას კვლავაც გავაგრძელებთ. სამწუხაროდ, საქართველო არ არის იმ ქოლგის ქვეშ, რომელსაც ნატო ჰქვია. ჩვენ ვართ ოკუპირებული ქვეყანა, რომელიც ვერ იქნება ისეთი თამამი და აქტიური, როგორებიც არიან ჩრდილოატლანტიკური ალიანსის წევრი ქვეყნები,“- დასძინა ლევან ჟორჟოლიანმა.