„ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ლევან სანიკიძემ კომენტარი გააკეთა ტელეკომპანია „იმედის“ დაკვეთით ჩატარებულ „გორბის“ კვლევაზე, რომლის თანახმადაც, გამოკითხულთა 56,2% ამბობს, რომ პარლამენტის არჩევნები ამ კვირას რომ ტარდებოდეს, ხმას „ქართულ ოცნებას“ მისცემდა, 10,7% „ლელო – ძლიერ საქართველოს“ აძლევს ხმას; 10% – „გახარია საქართველოსთვის“; 9,5% – „კოალიცია ცვლილებებისთვის“, გვარამია, მელია, „გირჩი“, „დროა“; 7,5% – „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“; 3,2% – „გირჩი“; 1,8% – „საქართველოს პატრიოტთა ალიანსი“; 1,1 % – სხვა პარტიები.
ლევან სანიკიძე ამბობს, რომ პარტიან "ქართუი ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" საპატიო თავმჯდომარის ბიძინა ივანიშვილის სურვილია, მეორე და მესამე ადგილზე იყვნენ ის ოპოზიციური პარტიები, რომლებიც იღებენ 4 ოქტომბრის რუსულ სპეცოპერაციაში მონაწილეობას.
„აქ შეუძლებელია, ვისაუბროთ სოციოლოგიაზე, პროცენტულობაზე, მხარდაჭერის ხარისხზე, მაგრამ შეგვიძლია, ვილაპარაკოთ, რა არის ბიძინა ივანიშვილის სურვილი. მისი სურვილია სუსტი „ნაციონალური მოძრაობა“, დანარჩენი, ვინ შეასრულებს სისტემური ოპოზიციის როლს, მათი გადასაწყვეტია და მათ მიერ არის დღეს გასაკეთებელი ის კომენტარები, რატომ უზრდის ბიძინა ივანიშვილი „გორბის“ რეიტინგით მათ რაღაც გავლენას, ანუ 3-პროცენტიანი პარტია გასამმაგდა? მე არ ვამბობ, რომ 3-პროცენტიანი იყო რომელიმე. ქართველი ხალხი გაგიჟდა, რა მაგარია, თვითმმართველობის არჩევნებში გამოგლეჯენ თბილისსო? ამის სჯერა ვინმეს დედამიწის ზურგზე? დარწმუნებული ვარ, მათ ოფისებშიც არ სჯერათ, უბრალოდ, უფრო მკაფიოდ უნდა თქვან, ივანიშვილის თამაშში ნებსით თუ უნებლიეთ როცა მონაწილეობ, ისე გაათამაშებს, რომ შენ საერთოდ აღარაფერს გკითხავს. ამ ადამიანების პრეტენზია ხომ იყო მთავარი ოპოზიციური პარტიობა, ხომ დაუწერა? მაშინ ბიძინასთან რა პრეტენზია აქვთ? მორალური უპირატესობის დაკარგვის პრობლემა ამაშია. ასე დაწერს არჩევნების შედეგებსაც. ტორტის ნაჭერივით დაჭრის 100 პროცენტს. ფაქტია, რომ „ლელო“ და გახარიას პარტია მონაწილეობენ იმ თამაშში, რომელიც აწყობს ბიძინა ივანიშვილს.
ჩემი ღრმა რწმენით, „ნაციონალური მოძრაობა“ რადგანაც პასუხობს საზოგადოების კრიტიკული უმრავლესობის მთავარ გამოწვევას არჩევნებში არმონაწილეობასთან, ართანამშრომლობასთან დაკავშირებით, ამ ქვეყნის ევროპული განვითარების მთავარი მედროშეა და ამას ადასტურებენ ჩვენი ევროპელი პარტნიორებიც, ვინაიდან „ნაციონალური მოძრაობა“ არის მთავარი და ყველაზე სანდო პარტნიორი ივანიშვილის რეჟიმის წინააღმდეგ ბრძოლაში. მე დარწმუნებული ვარ, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ კვლავ არის მთავარი ოპოზიციური პარტია და ყველაზე მეტად აწუხებს ბიძინა ივანიშვილს მისი არსებობა“, – აღნიშნა ლევან სანიკიძემ.