„მაგასთან“ დაპირისპირება პირველი არ არის, იქ იყო ისლანდიის რეფერენდუმის შედეგები, გერმანიის ერთ-ერთ მიწაზე არჩევნების შედეგები და საბოლოო ჯამში ეს მოვლენები ბრიუსელს ერთ რამეს უნდა აჩვენებდეს, რომ მისი ეს საგარეო და საშინაო პოლიტიკა არ მიდის სწორი მიმართულებით, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, ლევან მახაშვილმა.

„საქართველო არავის მტერი, მით უმეტეს ბრიუსელის მტერი არ არის. ჩვენ ვიყავით და მომავალშიც ვიქნებით პარტნიორები. იცით, რომ უახლოეს მომავალში მაღალი დონის ვიზიტები შედგება ევროკავშირში და ამ შეხვედრებსაც იმისთვის გამოვიყენებთ, რომ აღვადგინოთ დიალოგი და დავანახოთ ყველას, რომ რაც შეიძლება ბრიუსელის ფანჯრიდან ჩანდეს არის ერთი მდგომარეობა, მაგრამ გეოპოლიტიკური ვითარება რაც არის საქართველოში და ამ რეგიონში, არის განსხვავებული და ევროკავშირის საუკეთესო ინტერესში არის მხოლოდ ერთი რამ, ნორმალური დიალოგი, ცივილური ურთიერთობები საქართველოსთან. ჩვენ ეს ურთიერთობები არ გაგვიფუჭებია და ნებისმიერ დროს მზად ვართ, რომ დავივიწყოთ რთული ისტორია და დავიწყოთ კონსტრუქციული ურთიერთობა“, - აღნიშნა მან.

კითხვაზე - რა რეაგირება ექნება ბრიუსელს ბოლო დროს განვითარებულ პროცესებზე, მათ შორისაა, რეფერენდუმი ისლანდიაში და არჩევნები გერმანიაში - მახაშვილმა ასე უპასუხა:

„პერსპექტივა ხისტ გადაწყვეტილებებს არ აქვს. ამ შედეგებმა აჩვენა, რომ ბრიუსელი საკუთარ ხალხთან დამარცხდა და ხისტი ქმედებები ვერ იქნება გამოსავალი საკუთარი ხალხის გულების დაბრუნებისთვის. ამ ქვეყნებში ხალხს უნდა ღირსეული სამუშაო ადგილები, მშვიდობა, საზოგადოებრივი წესრიგი, საზღვრების კონტროლი, ნორმალური პოლიტიკური გარემო. ამის სანაცვლოდ იღებენ სრულიად უკონტროლო საზღვრებს, მიგრაციის პრობლემებს, გეოპოლიტიკურ მობილიზაციას, იარაღის ჟღარუნს, სოციალური ხარჯების სამხედრო ხარჯებში გადამისამართებას - რაც უფრო მეტად გააგრძელებს ბრიუსელი ამას, მით უფრო ხისტი პოზიციები იქნება მოსახლეობის მხრიდან. ამიტომ ხანდახან უბრალოდ უნდა გაჩერდეს ბრიუსელი და მოუსმინოს საკუთარი მოსახლეობის ხმას. ევროკავშირი ამ ხალხის ხმის მოსასმენად შეიქმნა, რადგან როცა ევროპამ საკუთარ ხალხს რა მოუსმინა, ჯერ იყო პირველი, შემდეგ კი მეორე მსოფლიო ომი.

დღეს ჩვენ არ გვაქვს ნავთობი და მსგავსი რესურსები, გვაქვს ადამიანური რესურსი და გეოგრაფიული მდებარეობა. ასეთ დროს საუკეთესო რესურსი თუ შესაძლებლობა არის მოქნილობა საერთაშორისო ურთიერთობებში. ზუსტად იგივე გადაწყვეტილება მიიღო ისლანდიელმა ხალხმა - ასეთ გეოპოლიტიკურ ბუნდოვნებაში გადაწყვიტეს, თუნდაც რისკის ფასად დარჩენილიყვნენ გარეთ, ჰქონოდათ მოქნილობა, გადაწყვეტილებები მიეღოთ თავად სიტუაციიდან გამომდინარე“.