პოლიტიკა უნდა აკეთონ პოლიტიკურმა პარტიებმა და არა რადიკალურმა დაჯგუფებებმა, - განაცხადა გადაცემაში „იმედი Live” ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ლევან მახაშვილმა საკონსტიტუტუციო სარჩელში პარტიის „საქართველოსთვის“ დამატების საკითხის განხილვისას.
მისი თქმით, ამიერიდან, როგორც კი ხელისუფლება დაინახავს, რომ პოლიტიკურ სივრცეში რომელიმე ორგანიზაცია კონსტიტუციური წესწყობილებიდან გადის, ვალდებული იქნება საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართოს.
„გახარიას პარტია გასულ წელს შემოვიდა პარლამენტში. ჩვენ პატივი ვეცით მათსავე ამომრჩეველს, პატივი ვეცით პოლიტიკურ კულტურას, ჩვენს კონსტიტუციას და მივეცით მათ ავანსად შანსი, რომ კონსტრუქციულად ჩართულიყვნენ ქართულ პოლიტიკაში. თუმცა, როგორც ჩანს, აწყინათ ზოგიერთებს, პირიქით, ცუდად გაიგეს ჩვენი ლმობიერება ამ ნაწილში და ნაცვლად იმისა, რომ კონსტიტუციური ჩარჩოს ფარგლებში გაეწიათ ოპონირება, იმ დღიდან მოყოლებული ვხედავთ დესტრუქციას, რადიკალიზაციის წახალისებას ამჯერად სახელმწიფო ინსტიტუტების ბოროტად გამოყენებით.
რამდენადაც ცდილობდნენ სიტყვიერად გამიჯვნას „ნაციონალური მოძრაობისგან“, იმდენად ემსგავსებოდნენ კოლექტიური „ნაციონალური მოძრაობის“ იდეოლოგიას.
ჩვენ აღარ ვაპირებთ მივცეთ შესაძლებლობა ზოგ-ზოგიერთს, რომ საქართველოში რაღაც ლაბორატორია მოაწყონ პოლიტიკური სტარტეგიების დასატესტად. ის დრო, როცა ენის მოჩლექით უწევდა სახელმწიფოს ლაპარაკი, იმიტომ, რომ სუვერენიტეტი იყო შედარებით შემცირებული და ასე შემდგომ, ეს დრო დასრულდა. ჩვენ როგორც კი დავინახავთ, დღეის ამას იქით, რომ პოლიტიკურ სივრცეში კონსტიტუციური წესწყობილებიდან გადის ესა თუ ის ორგანიზაცია, ჩვენი ვალდებულებაა, რომ მივმართოთ საკონსტიტუციო სასამართლოს“, - განაცხადა ლევან მახაშვილმა.







