საპარლამენტო უმრავლესობის წევრის ლევან მაჭავარიანის განცხადებით, „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოსთვის“ საარჩევნო მიზნის მქონე სუბიექტის სტატუსის მინიჭება სპეკულაციის საგანი რომ არ გახდეს, სწორედ ამიტომ მოუწოდა პრემიერ-მინისტრმა ანტიკორუფციულ ბიუროს, გადახედოს გადაწყვეტილებას.

მაჭავარიანის თქმით, ყველამ კარგად იცის, რომ ეკა გიგაური მიკერძოებულია და ის ისედაც სრულად ლუსტრირებულია ქართულ საზოგადოებაში.

„მიუხედავად იმისა, რომ ანტიკორუფციულმა ბიურომ კონკრეტულად ამ „ენჯეოს“ კანონთან შესაბამისობაში მიანიჭა საარჩევნო მიზნების მქონე სუბიექტის სტატუსი, ჩვენ ვიხილეთ პრემიერ-მინისტრის მოწოდება, რომ იქნებ გადახედონ ამ გადაწყვეტილებას, იქიდან გამომდინარე, რომ ნაკლები სპეკულაცია გამოიწვიოს ამ ყველაფერმა. ბოლო დღეების განმავლობაში ვიხილეთ უცხოეთიდან მოწოდებები ამ თემასთან დაკავშირებით და ტყუილად რომ არ გახდეს ეს თემა ზედმეტი სპეკულაციის საგანი. თუმცა ჩვენ ყველას კარგად მოგვეხსენება, რომ ქალბატონი გიგაური არის მიკერძოებული, ქალბატონი გიგაური ვერანაირად ვერ იქნება ობიექტური დამკვირვებელი იქიდან გამომდინარე, რომ ის არის „ნაციონალური მოძრაობის“ აქტივისტი.

თუ გადავხედავთ მის ქმედებებს, მით უმეტეს, წინასაარჩევნო პერიოდში, როდესაც იგი ჩვეულებრივად, დანარჩენი რადიკალური ოპოზიციის ლიდერებთან ერთად დადის რეგიონებში, აქტიურად არის ჩართული პროპაგანდა-აგიტაციაში, მისი მხრიდან რაიმე ტიპის ობიექტურობაზე საუბარი ზედმეტია. თუმცა ეს გადაწყვეტილება მისასალმებელია, იქიდან გამომდინარე, რომ ქალბატონი გიგაური ისედაც სრულად ლუსტრირებულია ჩვენს საზოგადოებაში და არ მგონია, საზოგადოება მის რამე დასკვნას დაეყრდნოს, შესაბამისად, ამის მიხედვით აჟიოტაჟი გამოიწვიოს და ა.შ. თუმცა წინასწარ ვიცით, რა იქნება ქალბატონი გიგაურის მიზნები არჩევნების ლეგიტიმაციასთან დაკავშირებით. წინასწარ აქვთ ეს ყველაფერი დაანონსებული“, – განაცხადა ლევან მაჭავარიანმა.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ანტიკორუფციულ ბიუროს მიმართა, გადახედოს „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოზე“ გადაწყვეტილებას და არჩევნებამდე თავი შეიკავოს სხვა შესაბამისი სუბიექტებისთვის საარჩევნო მიზნის მქონე ორგანიზაციის სტატუსის შეფარდებისგან.