რაც შეეხება გუშინდელ ინციდენტს, მინდა ვისარგებლო შემთხვევით და საზოგადოებას ბოდიში მოვუხადო, - განაცხადა გადაცემაში „ღია ეთერი-დებატები“ საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ლევან მაჭავარიანმა.

„ეს ძალიან უსიამოვნო იყო, თუმცა პოლიტიკური პარტია, რომელიც მოწადინებულია მხოლოდ იმაზე, რომ შინაარსზე არ ილაპარაკოს და პირადი შეურაცხყოფები მოგაყენოს, ძალიან რთულია ამ ყველაფრის მოთმენა. ყველაფერს თავისი საზღვარი აქვს, თუმცა რაც მოხდა, რა თქმა უნდა, ეს უსიამოვნო იყო“, - აღნიშნა ლევან მაჭავარიანმა.

ცნობისთვის, საქართველოს პარლამენტში ფიზიკური დაპირისპირება მოხდა. ფიზიკური დაპირისპირება იმ დროს დაიწყო, როდესაც პარტია „გახარია საქართველოსთვის“ წევრი გიორგი შარაშიძე სიტყვით გამოდიოდა.

შარაშიძემ პრემიერ-მინისტრის მისამართით განაცხადა, რომ „ქართული ოცნებაც“ კი არ იმსახურებს დღევანდელ პრემიერ-მინისტრს და დარწმუნებულია, რომ მის ამ მოსაზრებას თავად „ქართული ოცნების“ წევრებიც ეთანხმებიან“.

შარაშიძის სიტყვით გამოსვლისას, სხდომათა დარბაზში ფიზიკური დაპირისპირება დაიწყო „ქართული ოცნების“ დეპუტატ ირაკლი ხელაძესა და „გახარია საქართველოსთვის“ წევრ გიგა ფარულავას შორის, რაც სხვა დეპუტატებს შორის ხელჩართულ ჩხუბში გადაიზარდა.