მყისიერი გამოხმაურება რომ მოხდა, რა თქმა უნდა, მხოლოდ ერთ რამეზე მეტყველებს – კი, შენი კონცერტი ვერ ტარდება, მაგრამ გვერდში გიდგავართ, ეს მესიჯი სხვა რადიკალებისთვის იყო, რომ მაინც გვერდში გიდგავართ, ხომ ხედავთ, რეაგირება, რა სწრაფად მოვახდინეთ , – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ლევან მაჭავარიანმა განაცხადა, რომელიც გამოეხმაურა საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის განცხადებას , სადაც წარმომადგენლობა ფესტივალ „კამარას“ გადადების გამო სინანულს გამოთქვამს.

 „ესეც ემოციურად დაზიანებული ადამიანების კიდევ უფრო შეცდომაში შეყვანის მცდელობაა, როდესაც ამ ყველაფერს ასეთ ტერმინებს არქმევენ, თითქოს გამოხატვის თავისუფლებაა. ჩვენ ვიხილეთ ფრანკლინის კლუბი თუ მაგდაგვარი, სადაც ტერორიზმსა და თავისუფლებისთვის ბრძოლას შორის ტოლობის ნიშანი იყო დასმული. ეს ამ რადიკალებისთვის ერთგვარი ტვინის გამორეცხვის მეთოდია. ისინი ძალიან კარგად ახერხებენ, კონკრეტული ფონდებზე მაქვს საუბარი გარე ძალების ხელში, რომელიც ასეთი ტიპის აქტივობებს აფინანსებს. მყისიერი გამოხმაურება რომ მოხდა, რა თქმა უნდა, მხოლოდ ერთ რამეზე მეტყველებს, კი, შენი კონცერტი ვერ ტარდება, მაგრამ გვერდში გიდგავართ. ეს მესიჯი სხვა რადიკალებისთვის იყო, რომ მაინც გვერდში გიდგავართ, ხომ ხედავთ, რეაგირება რა სწრაფად მოვახდინეთ, როდესაც რეაგირებას არ ახდენენ ხოლმე საპასუხო წერილებზე. თვეები გადის და უპასუხოდ რჩება ხოლმე რაღაც ტიპის წერილები“,- განაცხადა მაჭავარიანმა.

მისივე თქმით, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ რადიკალურ დღის წესრიგს გარედან, ხელოვნურად ხელი არ შეუწყონ.

„ჩვენც, როგორც სახელმწიფო, ყველა ნაბიჯს ვდგამთ, რათა რადიკალიზმი, ექსტრემიზმი და ფაშიზმი საქართველოში დავასრულოთ. ის დეპარტამენტი, რომელიც შინაგან საქმეთა სამინისტროშიც შეიქმნა, სწორედ ამას ემსახურება, რომ „ფეისბუქი“, რომელიც გამოიყენებოდა ძირითად ინსტრუმენტად შეურაცხყოფის მიყენების, დამცირების და ღირსების შელახვისთვის ამ რადიკალების მხრიდან, საგრძნობლად არის შემცირებული ასეთი ტიპის მიმოწერა და ტექსტები. ჩვენ მონიტორინგს ვაწარმოებთ და ამ მიმართულებით წინსვლა არის. საერთო ჯამში, რა ნაბიჯებსაც ხელისუფლება დგამს, რა თქმა უნდა, საქართველოში ფაშიზმს დაასრულებს“,- განაცხადა ლევან მაჭავარიანმა.