გიორგი ბარამიძემ ანტისახელმწიფოებრივი განცხადება გააკეთა, ეს არის საშინელი უპატივცემულობა იმ გმირებისა, ვინც აფხაზეთის ომში იბრძოდა, ძალიან კარგია, რომ ამას სამართლებრივი რეაგირება მოჰყვა, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრმა, ლევან მაჭავარიანმა განაცხადა.
„ბარამიძემ წამოიწყო ძალიან ბინძური კამპანია, რაც შემდეგ ბატონმა ნიკა გვარამიამ, და ქალბატონმა სამადაშვილმა გააგრძელეს, შემდეგ კი ბატონმა სააკაშვილმა დააგვირგვინა. ეს ყველაფერი კარგად გააზრებულად თქვა და ეს იყო ნამდვილად მტრული განცხადება. ერთის მხრივ, ეს არის საშინელი უპატივცემულობა იმ გმირებისა, ვინც აფხაზეთის ომში იბრძოდა და მეორეს მხრივ, ეს არის ანტისახელმწიფოებრივი განცხადება და ძალიან კარგია, რომ ამას სამართლებრივი რეაგირება მოჰყვა“, – განაცხადა ლევან მაჭავარიანმა.
საქართველოს პროკურატურამ „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი, შინაგან საქმეთა და თავდაცვის ყოფილი მინისტრი (2003-2004 წწ) გია ბარამიძე სამშობლოს ღალატის, კერძოდ, საბოტაჟის ბრალდებით, სასამართლოს განჩინების საფუძველზე დააკავა. ბრალდება 4-წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. როგორც პროკურატურის განცხადებაშია აღნიშნული, მიმდინარე წლის ივლისში იაგო ხვიჩიას საავტორო გადაცემაში – „საქართველოს დაბადება“ – ბარამიძემ განაცხადა, რომ 1992-1993 წლების აფხაზეთის შეიარაღებული კონფლიქტის საწყის ეტაპზე ქართული შეიარაღებული ძალების წარმომადგენლებს ტყვეები არ აჰყავდათ და მათ ადგილზე ხვრეტდნენ, რითაც საქართველოს შეიარაღებულ ძალებს ბრალი დასდო საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის ნორმების დარღვევასა და ომის მძიმე დანაშაულების ჩადენაში.








