სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა, 2023 წელს, დიდი ოდენობით თანხის მართლსაწინააღმდეგო გაფლანგვის ფაქტზე, თავდაცვის მინისტრის ჯუანშერ ბურჭულაძის, ყოფილი მოადგილე გიორგი ხაინდრავა, სამინისტროს შესყიდვების დეპარტამენტის ყოფილი უფროსი და თავდაცვის იმდროინდელი მინისტრის ახლო ნათესავი დააკავა.
უწყების ინფორმაციით, საქმე ეხება წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, თავდაცვის სამინისტროს კუთვნილი დიდი ოდენობით თანხის მართლსაწინააღმდეგო გაფლანგვას. საუბარია სამედიცინო აპარატურის შესყიდვაზე, რისთვისაც ანტიკორუფციული სააგენტოს ინფორმაციით, დაიდო მოჩვენებითი გარიგებები და დამზადდა ყალბი დოკუმენტები. დანაშაულებრივი ქმედებების შედეგად კი სახელმწიფოს სულ მცირე 1 333 728 ლარის ზიანი მიადგა.
"ქართული ოცნების" წევრის, ლევან მაჭავარიანის განცხადებით, თუ ადამიანმა აიღო ქრთამი, ეს ნიშნავს, რომ ის "ქართული ოცნების" გუნდის წევრი არც არასდროს ყოფილა, არც არის და რაც არასდროს იქნება. ის არის კორუმპირებული, დამნაშავე და შესაბამისად, პასუხს აგებს კანონის უმკაცრესი ფორმით.
"ყველასათვის ცნობილია ჩვენი ხელისუფლების გაცხადებული პოზიცია ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლასთან დაკავშირებით. მე ხაზს გავუსვამდი და გამოვყოფდი კიდევ ორ მიმართულებას - ეს არის ნარკორეალიზატორებთან ბრძოლა და კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა. ბატონმა ირაკლი კობახიძემ, როგორც კი იგი გახდა პრემიერ-მინისტრი, დააანონსა, რომ მისი ერთ-ერთი პრიორიტეტი იქნება ის, რომ საქართველო უახლოეს წლებში, ტოპ 3 ქვეყანაში შედიოდეს კორუფციის სიმცირის კუთხით. ჩვენ ამ ბრძოლაში ვართ უკომპრომისოები, ჩვენთვის მნიშვნელობა არ აქვს კონკრეტული ადამიანი რა თანამდებობას იკავებდა და მნიშვნელობა არ აქვს რამდენი ხანი იყო იგი გუნდის წევრი ან ა.შ. აბსოლუტურად არაფერს მნიშვნელობა არ აქვს, თუ ადამიანმა აიღო ქრთამი, ეს ნიშნავს, რომ ის ჩვენი გუნდის წევრი არც არასდროს ყოფილა, არც არის და რაც არასდროს არც იქნება. ის არის კორუმპირებული, დამნაშავე და შესაბამისად, პასუხს აგებს კანონის უმკაცრესი ფორმით", - განაცხადა ლევან მაჭავარიანმა.