რუსული ოცნება არ შეწყვეტს ძალადობას და ეს გაგრძელდება მანამ, სანამ თავ-პირს არ დავალეწავთ - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი სოციალურ ქსელში წერს, რითაც „ფორმულას“ ერთ-ერთ დამფუძნებელ მიშა მშვილდაძეზე თავდასხმის ფაქტს გამოეხმაურა.
„16 -17 წლის ბავშვებს ქვები დაუშინეს, სტუდენტები უნივერსიტეტში ჯგუფურად/ჯგროდ სცემეს და კიბეზე დააგორეს, ოპოზიციონერ ლიდერს მიეპარენ და ფიზიკურად გაუსწორდნენ ... გავიდა რამდენიმე დღე და ახლა უკვე, ჟურნალისტი სცემეს გამეტებით - მიშა მშვილდაძე.
რამდენიმე დღის წინ ვთქვი და გავიმეორებ: ივანიშვილი აუცილებლად მოკლავს, ესვრის ოპოზიციურად განწყობილ ადამიანს, ზუსტად ისე, როგორც პუტინის რუსეთში. რუსული ოცნება არ შეწყვეტს ძალადობას და ეს გაგრძელდება მანამ, სანამ თავპირს არ დავალეწავთ (აუცილებელი მოგერიების ფარგლებში) სახელობითად ყველა პუტინისტ ხელისუფალს.
ივანიშვილი, კიდევ გააგრძელებს, არ გაჩერდება - მას ქართველის სისხლი სწყურია და მუდმივად მზად არის, ამაში კარგად გადაიხადოს. სოლიდარობა მიშა მშვილდაძეს“, - წერს ხაბეიშვილი სოციალურ ქსელში.
ცნობისათვის, ტელეკომპანია “ფორმულას” ერთ-ერთი დამფუძნებელი, მიშა მშვილდაძე აცხადებს, რომ თავს დაესხნენ. მისი თქმით, თავდასხმა ერთ-ერთი სავაჭრო ცენტრის შესასვლელში მოხდა, რა დროსაც მას ფიზიკურად უცნობი პირი გაუსწორდა.