პუტინის ლაქია მსახური კობახიძე იმსახურებს, იყოს მარგარიტა სიმონიანის, სალავიოვის გვერდით და ისიც მოხვდეს დასასანქცირებელთა სიაში - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
"ჩვენ ვხედავთ უკრაინისთვის გადასაცემი შეიარაღების მკვეთრ ზრდას, მათ შორის უახლესი შორსმსროლელი მძიმე შეტევითი შეიარაღების ნაწილში. რუსეთი მარცხდება და ეს ჩანს თუნდაც რუსეთის სამთავრობო არხებზე, სადაც სრული ისტერია აქვთ რუს პროპაგანდისტებს. უკრაინის გამარჯვება კი საქართველოს გამარჯვება იქნება იმ შემთხვევაში, თუ საქართველო თავად არ აირჩევს რუსეთის მხარეს. ქართველი ხალხის 80 პროცენტზე მეტი გულშემატკივრობს უკრაინას, თუმცა „რუსული ოცნება“ არ წარმოადგენს ქართველი ხალხის ნებას.
ამიტომ მივმართავ ირაკლი კობახიძეს, რუსეთი ობიექტურად მარცხდება უკრაინაში და მხოლოდ ბუნებით პუტინის მხარდამჭერი უშვებს, რომ ბოროტება გაიმარჯვებს და სიკეთე დამარცხდება. მას შეუძლია, უარი თქვას ქართველობაზე და არ გულშემატკივრობდეს უკრაინას, მაგრამ მან უნდა იცოდეს, ქართველი ხალხის აბსოლუტური უმრავლესობა მიისწრაფვის სიკეთის გამარჯვებისკენ და თავისი ქვეყნის გაერთიანებისკენ, ერთიანი საქართველოსკენ და ქართველი ხალხის პასუხი მისი ნების გაყალბებაზე, მისი წარსულის, აწმყოსა და მომავლის გაქრობის მცდელობაზე იქნება დამანგრეველი მისი მტრებისთვის. საბოლოოდ, პუტინის ლაქია მსახური კობახიძე იმსახურებს, იყოს მარგარიტა სიმონიანის, სალავიოვის გვერდით და ისიც მოხვდეს დასასანქცირებელთა სიაში, როგორც მთავარი რუსეთუმე, პუტინისტი საქართველოში“, – განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.