გუშინ „რუსულმა ოცნებამ“ კიდევ ერთი წითელი ხაზი გადაკვეთა. არ არსებობს იმაზე დიდი ტკივილი, როდესაც შენს სამშობლოს, მიწას თავს ესხმის იმპერია, რომლის მიზანია შენი ხალხის წარსულის, ტრადიციების, აწმყოსი და იდენტობის არსებობის გაქრობა. ამიტომ იმ ქვეყნის შვილს, რომლის ქვეყნის 20% ოკუპირებულია, არ აქვს იმაზე დიდი სურვილი და მიზანი, ვიდრე სამშობლოს დეოკუპაცია და გაერთიანებაა- ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
მისივე თქმით, ქართველი პოლიტიკოსის ცხოვრების მისია უნდა იყოს, გააკეთოს ყველაფერი, რათა იცხოვროს გაერთიანებულ საქართველოში.
"არ აქვს მნიშვნელობა არანაირ პარტიულ ინტერესებსა და პოლიტიკურ იდეოლოგიებს, ქართველი პოლიტიკოსის ცხოვრების მისია უნდა იყოს, გააკეთოს ყველაფერი, რათა იცხოვროს გაერთიანებულ საქართველოში. არ არსებობს უფრო დიდი მიზანი, ვიდრე ქართველ ხალხს ჰქონდეს შესაძლებლობა, საკუთარ სამშობლოში ისწრაფოდეს ბედნიერებისკენ, შესაძლებლობა უნდა ჰქონდეს ერთიანი სამშობლოსი, სამართლიანი გარემოსი და შესაძლებლობებით სავსე ქვეყანაში ცხოვრების უფლება. არის კითხვა: რა უნდა მოხდეს, რომ საქართველო იყოს ერთიანი? რა არის წინაპირობა საქართველოს ერთიანობის? პასუხი ცალსახა და მარტივია, რუსეთი უნდა დამარცხდეს უკრაინაში. თუ რუსეთი მარცხდება უკრაინაში, ჩვენ, საქართველოს, გვეძლევა შანსი, გავაერთიანოთ ჩვენი ქვეყანა, მაგრამ თუ რუსეთი ამყარებს მშვიდობას ისეთივეს, როგორიც იყო ბუჩაში, ირპენში, მარიუპოლში და ასე შემდეგ, მაშინ საქართველო არათუ გაერთიანდება, არამედ დაისმება შეკითხვა: არსებობს კი საქართველო? მაგრამ მინდა, გითხრათ, რომ რუსეთი მარცხდება უკრაინაში, რადგან ბოროტს აუცილებლად სძლევს კეთილი. მარცხდება, რადგან რუსეთის ეკონომიკა არის ცივილიზებული სამყაროს ეკონომიკის ორი პროცენტი და მას უპირისპირდება სრულიად ცივილიზებული სამყარო. მარცხდება, რადგან ცივილიზებული სამყაროსთვისაც რუსეთის დამარცხება ისეთივე მნიშვნელოვანია, როგორც უკრაინისთვის. მარცხდება გმირი უკრაინელი ხალხისა და მათ შორის გმირი ქართველი მებრძოლების თავგანწირვით. რუსეთი მარცხდება უკრაინაში, მან დატოვა კიევის, ჩერნიგოვის, ხარკოვის, სუმის ოლქები. რუსებმა დატოვეს ხერსონი, ლიმანი, იზიუმი და ბოლო რუსი ჯარისკაციც აუცილებლად დატოვებს უკრაინას. რუსეთი ობიექტურად მარცხდება და მისი დამარცხება არის გარდაუვალი." - განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.