„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე, ლევან ხაბეიშვილი პრეზიდენტის იმპიჩმენტთან დაკავშირებით აცხადებს, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ ბინძურ თამაშებში ჩართვას არ აპირებს და ეს თემა მათ არ აინტერესებთ.
„სასაცილო და მოგონილი თემაა. ეს თემა კობახიძემ და მდინარაძემ თავად მოიგონეს. შემდეგ თავად დაიწყეს კითხვების დასმა, ბრიფინგების ჩატარება და პასუხების გაცემა. შემდეგ თქვეს, იმპიჩმენტს მოვაწყობთ, მაგრამ ასი ხმა არ გვაქვსო – თავის თავს ელაპარაკებიან. სალომე ზურაბიშვილის იმპიჩმენტის საკითხი საქართველოს მოქალაქეებს არ აინტერესებთ. ეს თემა ემსახურება იმას, რომ მთავარი თემებიდან მოხდეს ისრების გადატანა. ზუსტად იციან, რომ თუ ეს თემა ქვეყნის შიგნით არავის აინტერესებს, სამაგიეროდ, ქვეყნის იმიჯს მის გარეთ აზარალებს და ამიტომ არიან ამ პროცესში ივანიშვილი და რუსული ოცნება, მათ შორის მათსავე არჩეულ პრეზიდენტს ებრძვიან. „ნაციონალური მოძრაობა“ რუსული პარტიისა და ბიძინა ივანიშვილის ბინძურ თამაშებში ჩართვას არ აპირებს, ეს თემა არ გვაინტერესებს“ – განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.
პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ პრეზიდენტის იმპიჩმენტთან დაკავშირებით დოკუმენტაცია საკონსტიტუციო სასამართლოს დღეს წარედგინება.