„უმძიმესი რეალობაა კახეთში, ფაქტობრივად 60 პროცენტი მოსავლის არის განადგურებული. "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ გამოვდივართ ინიციატივით, მევენახეებმა, რომლებსაც უამინდობის გამო მოსავალი გაუნადგურდათ, სუბსიდიისთვის გამოყოფილი 20 თეთრი შარშანდელი მოსავლის მიხედვით მიიღონ.“ - განაცხადა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა.

დღეს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი, პარტიის რეგიონულ მდივანთან, გიორგი ბოტკოველთან ერთად გურჯაანში იმყოფებოდა, სადაც დაზარალებულ მევენახეებს შეხვდა;

„უმძიმესი რეალობაა კახეთში, ფაქტობრივად 60 პროცენტი მოსავლის არის განადგურებული, საზოგადოებამ უნდა იცოდეს, რომ პირველი - უხვი ნალექის დაზღვევა არ ხდება, უხარისხოა წამლები და უწევთ ფაქტობრივად 10-12-ჯერ შეწამვლა და მაინც არანაირი შედეგი არ დადგა და მესამე მნიშვნელოვანი ფაქტორი - ამ ადამიანებს ჰყავთ ოჯახები, ამ ადამიანებმა იშრომეს და ფაქტობრივად დარჩნენ ბედის ანაბარ. ჩვენი შეთავაზება ხელისუფლებისთვის შემდეგია - სუბსიდირება, რომელიც გამოყოფილია აბსოლუტურად საკმარისია, წინა წელს რომ ჩააბარეს 13-14-15 ტონა და წელს ვერ აბარებენ ერთ ტონასაც კი, წინა წლის რაც ჩაბარებული ჰქონდათ იმაზე მოხდეს სუბსიდირება, ვგულისხმობ 20 თეთრით, რაც ამ ადამიანებს დაეხმარება ვალის გასტუმრებაში. ტრაქტორი რომ იქირავეს და 1000 ლარი გადაიხადეს, რომ შემწამლეს და 2000 ლარამდე დაუჯდათ, ჯამში რა ხარჯიც ჰქონდათ, სახელმწიფომ უნდა უზრუნველყოს პირველად დახმარება ამ ადამიანების, რომ როგორღაც მომავალ წელს შეძლონ იგივე მევენახეობის საქმიანობის გაგრძელება. ჩვენ ამ პროცესში ვიქნებით ჩართულები, ჩვენ ეს შეთავაზება გვაქვს „ნაციონალურ მოძრაობას“ და მოვთოვთ ხელისუფლებას თითოეული გლეხის დაკმაყოფილებას.“ - განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.

„რეალურად, რა არის ახლა ჩვენი ინიციატივა - ადგილიდან შეგვიძლია გითხრათ, რომ  ეს არის ვენახი, სადაც მაგალითად გასულ წელს 9 ტონა ყურძენი მოიკრიფა, ჩააბარა გლეხმა და მიიღო ამ ყველაფერში, როგორც სუბსიდია ისე ქარხნის მიერ გადახდილი თანხა და წელს აქ ტონაზეც აღარ არის საუბარი უკვე ალბათ ერთი სათლი, ორი სათლი ყურძენი შეიძლება ასეთი მტევანი მოიკრიფოს. რას ემსახურება ჩვენი ინიციატივა, რომ ყოველ წელს ისედაც გამოყოფილი 50 მილიონი ლარიდან, რომელიც ეყოფა ამ ყველაფერს შარშანდელი წონადობის მიხედვით, რაც ამ კონკრეტულმა გლეხმა ჩააბარა შარშან 9 ტონა იმის 20 თეთრობზე, რაც გამოყოფილია რეალურად სუბსიდირების თანხა 1800 ლარი გადაუხადოს სახელმწიფომ, რაც ამ ადამიანს დაეხმარება იმაში, რომ მომავალი წლისთვის გადაარჩინოს ვენახი და არა წელს, რომ რაღაც სარგებელი მიიღოს, გადაიხადოს ის ვალი, რომელი ვალიც აღებული აქვს თავის უახლოეს მაღაზიაში, სადაც იყიდება ის შხამქიმიკატები, რომელიც ჯერ კიდევ საეჭვოა და ამაზე კიდევ ძალიან დიდი ეჭვი არსებობს, რომ ის ვადაგასულია, ფალსიფიცირებულია, როგორია თორემ რეალურად ესე არ უნდა დამართოდა ვენახს.“ -  განაცხადა გიორგი ბოტკოველმა

ასევე განადგურებულ ყურძნის მოსავალზე ისაუბრეს გურჯაანში მცხოვრებმა მევენახეებმაც;

„მე პირადად მაქვს 75/100 ვენახი, როგორი ვენახი იცით- ცალ-ცალკე მაქვს ნახევარი ჰექტარი და 25/100 ცალკე. 25/100-ში სეტყვაც რომ მოსულიყო ყოველწლიურად ვკრეფდი 6 ტონას, თან სულ მაგარ ყურძენს, მეორეში ცოტა მეჩხერი ვაზია, 8 ტონა იკრიფებოდა, სადღაც 14 ტონას ვკრეფდი.  ვწამლავ ერთი და იგივე წამლით, ერთი და იგივე მაღაზიიდან, მაგრამ წლეულს მოხდა ისე, რომ ვადაგასული წამლები იყო, არავინ კონტროლი არ გაუწია. როგორ, შარშან თუ მოვიყვანე, წელს რაღა დავუშალე, იგივე ამინდში. ფაქტობრივად წლეულს თუ დავკრიფე 4 ტონა, ეს მაგარი მიღწევაა, როცა ამ დროს ყურძენი მომყავდა საჩვენებელი, ქარვასავით ყურძენი. კონტროლი არ არის არავითარი, ყველა მაღაზია თავის ჭკუაზეა მიშვებული. წამლები თუ იყო 20 ლარი გამხდარია 40 ლარი. ორმაგს გახდევინებენ და ამ ფასის მიუხედავად ვადა გასულს გაძლევენ ფაქტია. 13-ჯერ მაქვს მოწამლული ვენახები, ფაქტობრივად ყურძნიდან ვერ ამოვიღებ მოწამვლის ფულს- არარსებულია. ამას სჭირდება კონტროლი, სხვა აბა რა უნდა იყოს მექანიზმი.

რაც შეეხება გიორგი ბოტკოველის ინიციატივას, ხალხისთვის ძალიან კარგია. მე პირადად დაფიცული მაქვს, რომ ქარხანას 1 კილო ყურძენს არ მივუტან მეთქი, იმიტომ რომ, ქარხანაზე მიგაქვს ყურძენი, ჯერ ხომ წონაში გატყუებენ- არ გაძლევენ. მე პირადად ეს მოყვანილი ყურძენი სულ გადათვლილი მაქვს ხოლმე სულ კაი ყურძენი, მაგრამ წლეულს აბა ვერ შევთავაზებ, ამას დავწურავ სხვა გზა არა მაქვს აბა, მაგრამ რასაც გიორგი ბოტკოველი იძახის ეს არის ხალხისთვის ჭრილობაზე მალამოს წასმასავით. იმიტომ რომ უმეტესობას აღებული აქვს ეს ვალით, სესხით. კაცი არ არსებობს, რომ მაგის ვალი არა ჰქონდეს და თუკი მაგას გააკეთებს ჩვენი მთავრობა, რომ ნაციონალების მიერ წამოყენებულ ამ ინიციატივას დააკმაყოფილებენ, თვითონ მაგათ ინტერესში უნდა იყოს. ძალიან მივესალმებით ამ საქმეს, იმიტომ რომ ხალხი ამოისუნთქებს და წამლის ფულს მაინც ამოიღებს.“ - განაცხადა გურჯაანში მაცხოვრებელმა მევენახემ დავით ზავრაშვილმა

 

„შარშან ჩავაბარე 13.5 ტონა ყურძენი, წელს კი მხოლოდ ტონა ნახევარი. ეს ყველაფერი გამოიწვია წამლებმა, ყოველ მეხუთე დღეს ვწამლავდით, მაგრამ არაფერი არ გამოვიდა. წელს მხოლოდ ტონა ნახევრის დაკრეფა მოვახერხე, ღირებულება არის ის, რაც შარშან იყო 90 თეთრი.“ - განაცხადა გურჯაანში მაცხოვრებელმა მევენახემ მიტუშა შანშიაშვილმა.