„რატომ ემუქრებით ახალგაზრდებს? რატომ ესაუბრებით მათ ბრუტალურად? რატომ შემოიტანეთ ახლა ეს კანონი? რატომ ემთხვევა, რომ აფხაზებს დაავალეს თებერვალში და ორ კვირაში თქვენ შემოიტანეთ, ეს რა, მართლა დამთხვევაა? არჩევნები ხუთ თვეშია და რატომ არ აცდით ადამიანებს მშვიდად არჩევანის გაკეთების შესაძლებლობას? რატომ ჩქარობთ კანონის მიღებას?“- ამის შესახებ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე განაცხადა.
"რატომ ქმნით ასეთ ნერვულ სიტუაციას? რატომ ემუქრებით ახალგაზრდებს? თქვენ მოატყუეთ საზოგადოება, რადგან ხალხს დაჰპირდით, რომ ამას აღარ გააკეთებდით და გააკეთეთ. ბატონო მამუკა, ხალხს გაეცით პასუხი რატომ მოატყუეთ. ყველა ბრიფინგზე რატომ გაქვთ ასეთი ტონი, რომ მაინც გაიტანთ, როგორც გინდათ ისე გააკეთებთ, თქვენ ამით ხომ ასი ათასობით ახალგაზრდას, რომელსაც დაუპირისპირდით მარტის აქციების დროს, ახალგაზრდებს ესაუბრებით. ანუ რას ეუბნებით, რომ კიდევ უფრო ბრუტალურად დაარბევთ, კიდევ უფრო ბრუტალურად დაშლით, რატომ ესაუბრებით ადამიანებს ასე?
თქვენ ხომ ამბობთ, რომ ძლევამოსილები ხართ, მაინც ხალხი თქვენ გიჭერთ მხარს, არჩევნებამდე დარჩენილია ხუთი თვე, რატომ არ გინდათ მშვიდად, დაძაბულობის, ნერვიულობის, დაპირისპირების გარეშე მიხვიდეთ არჩევნებამდე? ხომ ხედავთ, რომ გარეთ ვნებათაღელვაა, შიგნით ვნებათაღელვაა, ეს არ არის კანონი, რომელიც აერთიანებს ხალხს, თქვენი ამოცანა უნდა იყოს საზოგადოების ერთობა, საზოგადოების დაქსაქსვით არ უნდა იყოთ დაკავებულები. რატომ შემოიტანეთ ახლა ეს კანონი? რატომ ემთხვევა, რომ აფხაზებს დაავალეს თებერვალში და ორ კვირაში თქვენ შემოიტანეთ, ეს რა, მართლა დამთხვევაა?
ეუთო-ს დასკვნაში შავით-თეთრზე წერია, რომ არ არის ეს კანონი კარგი, თქვენ კი ამბობთ, რომ კარგია. ერთი რამე მინდა გკითხოთ თქვენც და თქვენს მომხრეებს მინდა ძირითადად ვესაუბრო და თქვენ პასუხი გამცეთ ამაზე - ნატო-ს გენერალურმა მდივანმა ვერ წაიკითხაო, აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტში ვერ წაიკითხეს აზრზე არ არიანო, ამერიკის ელჩი რას გაიგებდაო. გერმანელმა, ფრანგმა, პოლონელმა, ესტონელმა, ლიტველმა ვერავინ ვერაფერი ვერ გაიგო, მხოლოდ მამუკა მდინარაძემ და ირაკლი ზარქუამ გაიგო და შეურაცხყოფას კი არ ვაყენებ ვინმეს, უბრალოდ მართო პირობითად თქვენ რომ გაიგეთ და სხვას არავის ესმის დედამიწის ზურგზე, რად გინდათ ასეთი კანონი?
არ ვიცი თქვენ გეფიქრებათ თუ არა ხაშურში წყალი იქნება თუ არა, მაგრამ საფრანგეთის მთავრობა ფიქრობს ამაზე და ფული არის გამოყოფილი 58 მილიონი, რომ წყალი იყოს ხაშურში. მაგალითად გარდაბანში არის ნიდერლანდების და გერმანიის თანხა წყალზე ასევე 200 მილიონი ლარი. მაგისტრალი რომ გიხარიათ, ეს არის დასავლური ფულით გაკეთებული, სკოლები რომ რემონტდება და ა.შ. ეს ყველაფერ იარის დასავლური ფულით გაკეთებული. ინტერნეტიზაციისთვისაც კი ასობით მილიონ ლარს ხარჯავენ ჩვენი დასავლელი პარტნიორები.
გააჩერეთ ეს კანონი, არჩევნებია ხუთ თვეში, მიეცით ხალხს მშვიდად ცხოვრების და არჩევანის გაკეთების შესაძლებლობა. ხუთი თვის მერე გაიმარჯვეთ და დაწერეთ ეს კანონი და მიიღეთ მქუხარე აპლოდისმენტებით. ხომ ამბობთ, რომ საკონსტიტუციო უმრავლესობა გექნებათ და მიეცით ხალხს მშვიდადა ცხოვრების შესაძლებლობა და თუ მოგცემთ ხალხი ხმას ამ რუსული კანონით კი ბატონო, მაგრამ თქვენ თვითონვე იცით, რომ ეს ასე არ მოხდება.
და ბოლოს, სად იშოვა ივანიშვილმა ფული? სად იშოვა ფარცხალაძემ? რუსეთში და საქართველო გაძარცვა. მე შემიძლია მოგიტანოთ მტკიცებულებები ივანიშვილზე, ფარცხალაძეზე, ღარიბაშვილზე, რუხაძეზე და დაიწყეთ გამოძიება, იყოს გამჭვირვალე.
საქართველოს მოსახლეობას უნდა, რომ საქართველო იყოს ევროკავშირის წევრი და მიეცით ამ ხალხს არჩევანის გაკეთების შესაძლებლობა. გწყინთ რუსებს რატომ გვეძახითო და თებერვალში აფხაზებს დაავალეს, ახლა თქვენ. რუსეთი დასავლეთს ეუბნება, რომ გავლენა აქვს საქართველოზე და ის კანონი გავა, რომელიც მას სურს. ეს არის მთელი შინაარსი ამ კანონის და არ ვიცი შენ გეუბნებიან თუ არა ამის შესახებ, მაგრამ ეს არის მთელი სურათი. გაეცით ხალხს პასუხი - რატომ ჩქარობთ კანონის მიღებას?“- განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.
ცნობისთვის, დღეს საკანონმდებლო ორგანოში, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს იურიდიულ საკითხთა კომიტეტი პირველი მოსმენით განიხილავს. რის გამო, დღეს, საქართველოს პარლამენტის სასახლეში იმოქმედებს უსაფრთხოების ყვითელი დონე
საკომიტეტო მოსმენის პარალელურად პარლამენტის შენობასთან საპროტესტო აქცია - "არა რუსულ კანონს!" მიმდინარეობს.
2024 წლის 9 აპრილს "კი ევროპას! არა რუსულ კანონს!" - თბილისში მსვლელობა დაიწყო
გერმანიაში პრემიერმინისტრი ირაკლი კობახიძე და გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი შეხვედრა გაიმართა. სადაც ოლაფ შოლცმა განაცხადა: დიდი იმედი გვაქვს, რომ "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონს არ მიიღებს საქართველო და პარლამენტი გაითვალისწინებს ჩვენს და საქართველოს მოსახლეობის კრიტიკულ პოზიციას
საქართველოს პრემიერმინისტმა ირაკლი კობახიძემ კი განაცხადა: ყველას მოვუწოდებ, წაიკითხონ "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ"კანონი და გვითხრან, კონკრეტულად რა არ მოსწონთ - ღია ვართ დისკუსიისთვის
2024 წლის 14 აპრილს, საქართველოს პრემიერმინისტრმა, ირაკლი კობახიძემ გაავრცელა განცხადება, სადაც ნათქვამია: ვთავაზობ ამერიკის შეერთებული შტატების, ევროკავშირის და ევროკავშირის წევრი ქვეყნების ელჩებს, გავმართოთ საჯარო დისკუსია „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის შესახებ