„შიშის დათესვა, ხელების გადაგრეხა და ღია ბრძოლა ახალგაზრდებთან - ეს არის ივანიშვილის ღია განაცხადი და შესაბამისად, ლაზარეს 9 წლიანი განაჩენი ნიშნავს, რომ ის მზად არის დააპატიმროს ყველა, ვისაც საქართველოს ევროპული მომავალი უნდა. -  ასე გამოეხმაურა ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე, ლევან ხაბეიშვილი თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას ლაზარე გრიგორიადისზე. 

"ძვირფასო" ხელისუფლება და ივანიშვილო, ცხადია, ლაზარე არანაირი 9 წელი არ იქნება გამოკეტილი ! არც 9 თვე ! რამდენიმე თვეა (მაქსიმუმ) დარჩენილი, როცა ქართველი ხალხი გამოიყენებს შესაძლებლობას და შეგცვლით. ვის მოუგია ქართველი ხალხის დაშინებით? აბუჩად აგდებით ? მოტყუებით? ვერ იხსენებთ ?! ჰოდა მოემზადეთ, უახლოეს პერიოდში ქართველი ხალხი დაწერს თქვენს განაჩენს.” - წერს ლევან ხაბეიშვილი. 

ცნობისთვის, თბილისის საქალაქო სასამართლოს  მოსამართლე ზვიად შარაძე ლაზარე გრიგორიადისს  9 წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა. 

შეგახსენებთ, შსს-ს მტკიცებით ლაზარე გრიგორიადისმა ცეცხლი წაუკიდა უწყების კუთვნილ ავტომობილს, პოლიციელებს ქვები და "მოლოტოვის კოქტეილები" ესროლა და  2023 წლის 31 მარტს  აღკვეთის ღონისძიების სახედ პატიმრობა შეეფარდა

1 მაისს თბილისის საქალაქო სასამართლომ ლაზარე გრიგორიადისს აღკვეთის ღონისძიების სახე არ შეუცვალა და პატიმრობაში დატოვა.

2023 წლის 25 სექტემბერს თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ნინო ნაჭყებიამ, ლაზარე გრიგორიადისი, მამის, ბექა გრიგორიადისის დაჭრის საქმეზე დამნაშავედ ცნო. 

მოსამართლემ ლაზარე გრიგორიადისს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 120-ე მუხლით წარდგენილი ბრალდება, რაც ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქ დაზიანებას გულისხმობს, ოჯახის წევრის მიმართ ჩადენილი ძალადობით გადააკვალიფიცირა და მამის დაჭრაში ბრალდებულს 1 წლითა და 6 თვის ვადით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.