ნავთობპროდუქტები, რომელიც ჩემ ქურთუკზე აღმოჩნდა, წესით, ნავთობპროდუქტში ზეთიც შედის, ბევრი რაღაც შედის, მაინც და მაინც რომ „მოლოტოვის კოქტეილისგან" აღმოჩენილიყო ჩემ ქურთუკზე კვალი, გამორიცხულია, - ამის შესახებ პოლიციელების ჯანმრთელობის ხელყოფისა და სახელმწიფო ქონების განადგურების ბრალდებით დაკავებულმა ლაზარე გრიგორიადისმა საკუთარ საბოლოო სიტყვაში განაცხადა.

„პოლიციელების ჩვენებას მინდა გამოვეხმაურო, აგრესიულ მოქმედებებში გადავიდა საზოგადოებაო, საზოგადოება არ გადასულა პირველად აგრესიულ მდგომარეობაში, აგრესიული კერები წარმოიშვა მას შემდეგ, რაც პოლიციამ გამოხატვის თავისუფლების დარღვევა წიწაკის სპრეით დაიწყო. ამის შემდეგ მოხდა ქვის სროლა და ა.შ.

ნავთობპროდუქტები, რომელიც ჩემ ქურთუკზე აღმოჩნდა, წესით, ნავთობპროდუქტში ზეთიც შედის, ბევრი რაღაც შედის, მაინც და მაინც რომ "მოლოტოვის ქოტეილისგან" აღმოჩენილიყო ჩემ ქურთუკზე კვალი, გამორიცხულია.

აქციაზე დაბინძურებული გარემო თუ იყო, წყლის ჭავლი იყო გაშვებული და თითოეულ ჩვენგანს შეიძლებოდა ნავთობპროდუქტი გვქონოდა.

ტელეფონის წართმევასთან დაკავშირებით ვიტყვი, რომ წამართვეს ხელიდან, არ ვიცოდი ოქმზე ხელის მოწერა თუ იმას ნიშნავდა, რომ მშვიდობიანი დაკავება იყო.

მგონია, რომ ეს ოთხივე პოლიციელი პოლიტიზებულია, ისეთ რაღაცებს ჰყვებიან, შეუძლებელია. ერთმანეთს ცდებიან ჩვენებებში.

დაკითხვაზე ზეწოლა იყო, ადვოკატის ყოლის უფლება არ მომცეს, ტელეფონიც წამართვეს",- განაცხადა გრიგორიადისმა.

შსს-ს მტკიცებით ლაზარე გრიგორიადისმა ცეცხლი წაუკიდა უწყების კუთვნილ ავტომობილს, პოლიციელებს ქვები და "მოლოტოვის კოქტეილები" ესროლა და  2023 წლის 31 მარტს  აღკვეთის ღონისძიების სახედ პატიმრობა შეეფარდა

1 მაისს თბილისის საქალაქო სასამართლომ ლაზარე გრიგორიადისს აღკვეთის ღონისძიების სახე არ შეუცვალა და პატიმრობაში დატოვა.

2023 წლის 25 სექტემბერს თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ნინო ნაჭყებიამ, ლაზარე გრიგორიადისი, მამის, ბექა გრიგორიადისის დაჭრის საქმეზე დამნაშავედ ცნო. 

მოსამართლემ ლაზარე გრიგორიადისს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 120-ე მუხლით წარდგენილი ბრალდება, რაც ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქ დაზიანებას გულისხმობს, ოჯახის წევრის მიმართ ჩადენილი ძალადობით გადააკვალიფიცირა და მამის დაჭრაში ბრალდებულს 1 წლითა და 6 თვის ვადით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.