ლევან იოსელიანი: ვისურვებდი, ნიკა მელიას გირაო გადაეხადა, არ მემეტება საპატიმროსთვის

1613142367
ვისურვებდი, რომ ნიკა მელიას გირაო გადაეხადა. არ მემეტება საპატიმროსთვის, თუმცა მის გადასაწყვეტია. მან, როგორც პოლიტიკოსმა, ეს რისკი აიღო, ალბათ, აქვს თავისი გეგმა, რაც ამ ყველაფერს უნდა მოჰყვეს. - ამის შესახებ მე-10 მოწვევის პარლამენტის დეპუტატმა ლევან იოსელიანმა განაცხადა.
„„ნიკა მელიასთვის სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტას ჩვენ მხარს არ დავუჭერთ. ვეცდებით, „ქართული ოცნებიდან“ კოლეგები დავარწმუნოთ, რომ მისთვის უფლებამოსილების შეწყვეტა იმ საქმეზე, რაზეც ერთხელ უკვე შეუწყდა, არასწორია. დარწმუნებული ვარ, გამოჩნდებიან ისეთი კოლეგები, რომლებიც ამ საკითხს უფრო მეტი პასუხისმგებლობით შეხედავენ და გაიაზრებენ, რომ პოლიტიკური კრიზისის კონტექსტში, პროცესს კიდევ უფრო გაართულებს ნიკა მელიასთვის იმუნიტეტის მოხსნა. რატომ არ მოვუხსენით დეპუტატებს უფლებამოსილება? იმიტომ, რომ მოლაპარაკებებისთვის სივრცე ყოფილიყო. ამ სივრცეს ასეთი გადაწყვეტილება ძალიან დაავიწროვებს.
ვისურვებდი, რომ ნიკა მელიას გირაო გადაეხადა. არ მემეტება საპატიმროსთვის, თუმცა მის გადასაწყვეტია. მან, როგორც პოლიტიკოსმა, ეს რისკი აიღო, ალბათ, აქვს თავისი გეგმა, რაც ამ ყველაფერს უნდა მოჰყვეს. პოლიტიკური კრიზისის თვალსაზრისით, კარგი არაფერი მოხდება, ეს კიდევ უფრო დაამძიმებს პოლარიზებულ გარემოს – ოპოზიციის დიდი ნაწილი გარეთაა და მოლაპარაკებები ვერ გრძელდება. მოლაპარაკებების გასაგრძელებლად საჭიროა ნდობის აღდგენა და ეს გადაწყვეტილება კიდევ უფრო დამაბრკოლებელი იქნება“, – განაცხადა ლევან იოსელიანმა რუსთავი 2-თან.
შეგახსენებთ, პარტია “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე ნიკა მელიას თბილისის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 3 ნოემბრის განჩინებით, ბრალდებულ ნიკანორ მელიას მიმართ მანამდე გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება გამკაცრდა და გირაოს ოდენობა გაიზარდა 40 000 ლარით.
სასამართლომ 40 000 ლარის გადახდის ვადად 50 დღე განსაზღვრა.
2021 წლის 5 თებერვალს პროკურატურამ გაავრცელა განცხადება, რომ გირაოს პირობების შეუსრულებლობის შედეგების შესახებ გაფრთხილების მიზნით, ნიკა მელია გენერალურ პროკურატურაში დაიბარეს
ნიკა მელიას გირაოს გადახდის ვადა დღეს ეწურება. თუმცა აცხადებს: გირაოს გადახდას არ ვაპირებ, მივმართავ „საქართველოს ბანკს“, თუკი მოხდება ჩემს ანგარიშზე შესაბამისი თანხის შეტანა და გირაოს გადახდა, ეს იქნება ჩემი უფლებების შელახვა
დღეს საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ ბრალდებულ ნიკანორ მელიას მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიების – გირაოს უფრო მკაცრი აღკვეთის ღონისძიებით – პატიმრობით შეცვლის შესახებ სასამართლოსთვის შუამდგომლობით მიმართვასთან დაკავშირებით, თანხმობის გაცემის თაობაზე პარლამენტს მიმართა.