ვერ დავინახეთ, რომ ამ კადრებში ასახული იყო ის, რაზეც ბატონი დავითაძე უთითებდა, - განაცხადა გადაცემაში „იმედის კვირა“ სახალხო დამცველმა მსჯავრდებულ გიორგი დავითაძის საქმესთან დაკავშირებით.
ლევან იოსელიანი იხსენებს, რომ დავითაძე იმ დღესვე მოინახულეს, როდესაც მან სახალხო დამცველის აპარატს მიმართა.
„2025 წლის 26 დეკემბერს ბატონმა დავითაძემ მოგვმართა და მიუთითა, რომ 20-21 დეკემბერს მის მიმართ განხორციელდა არასათანადო მოპყრობა. ჩვენ იმ დღესვე მოვინახულეთ ის, იმ დღესვე მოვისმინეთ ეს ინფორმაცია, დავაოქმეთ და იმ დღესვე მივმართეთ პროკურატურას გამოძიების დაწყების მოთხოვნით.
ამის შემდეგ მოვთხოვეთ პენიტენციურ სამსახურს, რომ დაეარქივებინათ კადრები, საუბარია 20-21 დეკემბერზე, შევისწავლეთ კადრები - ამ კადრებში მის მიერ მითითებულ ქმედებებთან დაკავშირებით ვერ დავინახეთ, რომ ამ კადრებში ასახული იყო ის, რაზეც ბატონი დავითაძე უთითებდა. და ეს ინფორმაცია მივაწოდეთ როგორც უშუალოდ მას, ისე მის ადვოკატს“, - განაცხადა სახალხო დამცველმა.




