ერთი კვირით ადრე გავაკეთეთ განცხადება, სადაც „პრაიდიც“ იყო ნახსენები, სადაც LGBTQ ჯგუფებიც იყო ნახსენები, თუ გინდათ ახლა რამე სენსაცია შექმნათ ამისგან არ გამოვა, - ამის შესახებ საქართველოს სახალხო დამცველმა, ლევან იოსელიანმა განაცხადა და აღნიშნა, რომ ის არასდროს არავის ხსენებას არ მორიდებია და „პრაიდ ფესტივალის“ ჩაშლის ფაქტსაც შესაბამისი განცხადებით გამოეხმაურა.
„ჩვენ გამოვეხმაურეთ ამ ამბავს შესაბამისი განცხადებებით. ერთი კვირით ადრე გავაკეთეთ განცხადება სადაც „პრაიდიც“ იყო ნახსენები, სადაც LGBTQ ჯგუფებიც იყო ნახსენები, თუ გინდათ ახლა რამე სენსაცია შექმნათ ამისგან არ გამოვა, იმიტომ, რომ არასდროს არავის ხსენებას არ ვერიდები, კონკრეტულ შემთხვევაში განცხადება იყო ისეთი როგორიც იყო“, - განაცხადა იოსელიანმა.
ის ტელეკომპანია „ფორმულას“ ერთ-ერთი დამფუძნებლის მიშა მშვილდაძის ცემის ფაქტსაც გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ სახალხო დამცველის ოფისმა მიმართა გამოძიებას, რათა ჰქონოდა გამოძიების მიმდინარეობის ნახვის საშუალება.
„მიშა მშვილდაძის საქმესთან დაკავშირებით, ჩვენ მაშინვე დავიწყეთ ამ საქმის მოკვლევა, შესაბამისი განცხადება გავაკეთეთ, სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს მივმართეთ და გამოვითხოვეთ შესაბამისი დოკუმენტაცია. ჩვენ ვახდენთ ამ საქმის მონიტორინგს და ეტაპობრივად იმ მასალების ფარგლებში, რაც ჩვენ გადმოგვეცემა, საზოგადოებას მივაწვდით ინფორმაციას.
ჩვენ გამოძიებისთვის მიმართული გვაქვს იმისთვის, რომ მოგვცენ საშუალება, ვნახოთ გამოძიების მიმდინარეობა, ამიტომ, ამ ეტაპზე, არ ვიცი თვითონ გამოძიება რა საპროცესო მოქმედებებს ასრულებს“, - განაცხადა იოსელიანმა.
ომბუდსმენის თქმით, სახალხო დამცველის ოფისი ზოგადად ძალიან აქტიურად აკვირდება ჟურნალისტებზე ძალადობის ფაქტებს, რასაც ასახავს წლიურ ანგარიშსა და შესაბამისი უწყებებისადმი რეკომენდაციებში.
„ერთ-ერთი მნიშვნელოვანი თავი სახალხო დამცველის ყოველწლიურ ანგარიშში ეთმობა სიტყვის თავისუფლებას და შესაბამისად, ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ჩვენთვის არის სწორედ ჟურნალისტებზე ძალადობის ფაქტების მონიტორინგი, ამ საქმეების ასახვა სპეციალურ რეკომენდაციებში და ამის შესახებ საზოგადოებასთან საუბარი. ბუნებრივია, ყველა შემთხვევას, რომელიც ჟურნალისტებზე თავდასხმის ფაქტებს შეიცავს, ჩვენ ვსწავლობთ და ვახდენთ ამ საქმეების მონიტორინგს და ეს აისახება შესაბამისი უწყებების მიმართ რეკომენდაციებში, ასევე ეს აისახება ბუნებრივია სახალხო დამცველის ყოველწლიურ ანგარიშში“,- განაცხადა ლევან იოსელიანმა.