გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტისა და კულტურის კომიტეტის ერთობლივ სხდომაზე „საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ და „საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონებში ცვლილების შეტანის თაობაზე“ იმსჯელეს. საკითხი განსახილველად ერთ-ერთმა ინიციატორმა, პარლამენტის წევრმა ბექა დავითულიანმა წარადგინა.
კანონპროექტის მიზანია კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონებში უკანონო მშენებლობებთან დაკავშირებული დარღვევების მაქსიმალურად შემცირება და ზოგადად, ამ მიმართულებით უფრო მეტად პრევენციული სისტემის შექმნა. ამ მიზნით, შესაბამისი დარღვევებისთვის სანქციები მკაცრდება.
„კულტურული მემკვიდრეობის და ისტორიული განაშენიანების ზონის დაცვის საკითხი თბილისში პრობლემატურია. დღეს არსებული საჯარიმო განაკვეთები ვერ განაპირობებს სათანადოდ დაცვას, ვინაიდან ხშირად მშენებლებს ურჩევნიათ დაარღვიონ კანონი და მიიღონ ის სამშენებლო მოცულობები, რომელიც მათი ეკონომიკური გათვლებით, უფრო მომგებიანი იქნება ჯარიმის გადახდასთან ერთად. ამიტომ გადავწყვიტეთ კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებზე და ისტორიული განაშენიანების არეალში დარღვევების შემთხვევებში მშენებლებისთვის ჯარიმების გაზრდა“, - განაცხადა ბექა დავითულიანმა.
ცვლილების თანახმად, კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონაში უნებართვო მშენებლობა სახელმწიფო ან მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე ჯარიმა განისაზღვრა:
I კლასის მშენებლობისათვის - 16 000 ლარი;
II კლასის მშენებლობისათვის - 75 000 ლარი;
III და IV კლასის მშენებლობისათვის - 250 000 ლარი.
კულტურული მემკვიდრეობის უძრავ ძეგლზე სარეაბილიტაციო სამუშაოების უნებართვოდ განხორციელება გამოიწვევს დაჯარიმებას 250 000 ლარის ოდენობით, ხოლო მცირე სარეაბილიტაციო სამუშაოების უნებართვოდ განხორციელება - 40 000 ლარის ოდენობით.
კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონაში უნებართვო რეკონსტრუქცია, რომელიც არ იწვევს შენობა-ნაგებობის გაბარიტების შეცვლას, გამოიწვევს 12 000 ლარით დაჯარიმებას.
კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონაში სანებართვო პირობების დარღვევით ნაწარმოები შენობა-ნაგებობის მშენებლობისათვის ჯარიმა იქნება: I კლასის შემთხვევაში 2 000 ლარი; II კლასის შემთხვევაში 4 000 ლარი; III კლასის შემთხვევაში 30 000 ლარი; IV კლასის შემთხვევაში - 45 000 ლარი.
კანონპროექტის თანახმად, კულტურული მემკვიდრეობის უძრავ ძეგლზე სანებართვო პირობების დარღვევით სარეაბილიტაციო სამუშაოების განხორციელება გამოიწვევს დაჯარიმებას 150 000 ლარის ოდენობით, ხოლო ანალოგიურ შემთხვევაში მცირე სარეაბილიტაციო სამუშაოების განხორციელება - 20 000 ლარის ოდენობით;
ცვლილება აგრეთვე შეეხება, კონსერვაციის მუხლსაც. კერძოდ მშენებლობის 6 თვეზე მეტი ვადით, კონსერვაციის წესის დარღვევით შეჩერება ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონაში I ან II კლასის შენობა-ნაგებობის მშენებლობისას რჩება უცვლელი, ხოლო III ან IV კლასის შენობა-ნაგებობის მშენებლობისას ჯარიმა იქნება 150 000 ლარი.
კულტურული მემკვიდრეობის უძრავ ძეგლზე სარეაბილიტაციო სამუშაოების განხორციელების კონსერვაციის წესის დარღვევა გამოიწვევს 200 000 ლარის ოდენობით დაჯარიმებას, ხოლო მცირე სარეაბილიტაციო სამუშაოებისას კი - 25 000 ლარით.
კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე წარმოდგენილ საკანონმდებლო ინიციატივას მხარი ერთხმად დაუჭირეს.