კობერიძე: სააკაშვილის მიმართ "ოცნების" პოლიტიკა პოპულიზმია, თუ ასეთი მკაცრები არიან, ჩამოიყვანონ და ციხეში ჩასვან

1588175442
პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატი, ფრაქცია "დამოუკიდებელი დეპუტატების" წევრი ლევან კობერიძე მიიჩნევს, რომ "ქართული ოცნების" დამოკიდებულება მიხეილ სააკაშვილის უკრაინის ვიცე-პრემიერად შესაძლო დანიშვნის საკითხზე პოპულიზმია.
როგორც დეპუტატმა "აიპრესთან" ინტერვიუში თქვა, თუ "ოცნება" ასეთი მკაცრია მის მიმართ ჩამოიყვანოს და ციხეში ჩასვას. დეპუტატს აინტერესებს, რატომ არ ხდება მისი ექსტრადირების მოთხოვნა. მიაჩნია, რომ უკმაყოფილება დიპლომატიური არხებით უნდა ყოფილიყო გამოხატული და არა საჯაროდ.
გთავაზობთ ინტერვიუს ამ მონაკვეთს. სრულ ინტერვიუს კი მკითხველს მოგვიანებით შევთავაზებთ.
_ უკრაინაში სააკაშვილის მაღალ თანამდებობაზე შესაძლო დანიშვნასთან დაკავშირებით როგორია თქვენი პოზიცია და როგორ ფიქრობთ, რამდენად ადეკვატური პოზიცია ჰქონდა ქართულ ოცნებას?
_ გახსოვთ, თავის დროზე ლაშა ნაცვლიშვილის პირით თქვა „ქართულმა ოცნებამ“ ყოფილ მაღალჩინოსნებზე, რომ ეს ადამიანები კი იყვნენ დამნაშავეები, მაგრამ ჩვენ დემოკრატიის მაღალ სტანდარტად ჩავთვალეთ და ეს ადამიანები არ დავიჭირეთო. ეს ადამიანები იცით როგორ ჰყავთ გამოყვანილი? - როცა დასჭირდებათ, ისინი დამნაშავეები არიან, მაგრამ თუ დამნაშავეები არიან მათ მიმართ შესაბამისი სასჯელი უნდა იყოს გამოყენებული.
იგივეა მიხეილ სააკაშვილთან მიმართებაშიც. თუ სასამართლოს აქვს გადაწყვეტილება გამოტანილი და ფაქტია, რომ ამ შემთხვევაში ასეა, მაშინ რატომ არ აქვს საქართველოს პროკურატურას, მთავრობას თუ სხვა შესაბამის უწყებებს მოთხოვნილი მისი ექსტრადიცია? რატომ არ მოითხოვეს მისი საქართველოში ჩამოყვანა.
როდესაც არ გაქვს ამ ადამიანის მიმართ ასეთი პრეტენზია და მერე აყენებ საკითხს, რომ არ დაინიშნოს ეს ადამიანი, სხვა ქვეყანაში რაიმე თანამდებობაზე და ამის გამო ელჩს გამოიწვევ... დიდი ბოდიში და ელჩი მარტო სააკაშვილის ფაქტორის გამო ხომ არ არის?! ორ ქვეყანას შორის უამრავი საკითხია დიპლომატიის დონეზე. თან მით უმეტეს, უკრაინა არის ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი. ამიტომ, ჩემი აზრით ასეთი ნაბიჯის გადადგმა არასწორია. მიუხედავად იმისა, რომ ჩემი აზრით, ზელენსკის მხრიდან ამ ნაბიჯის გადადგმაც არ შეუწყობს ხელს ორი ქვეყნის ურთიერთობის განმტკიცებას. თუმცა, ჩვენ არ ვიცით იმ ქვეყანაში რა ხდება. რა დინებებია და ა. შ.
_ მაშინ რა უნდა გაეკეთებინა საქართველოს ხელისუფლებას? როგორ უნდა გამოეხატა პროტესტი, ან ის, რომ არ მოეწონა უკრაინის ხელისუფლების პოზიცია?
_ მსგავსი ტიპის გადაწყვეტილებებზე ასე ხმამაღლა საუბარი ჩემი აზრით მხოლოდ აზიანებს ორ ქვეყანას შორის ურთიერთობას.
_ დიპლომატიური არხები უნდა გამოეყენებინა?
_ რა თქმა უნდა. ეს უნდა ყოფილიყო ამ ფორმატში მსჯელობის საგანი და არა ისე, რომ გარკვეულწილად ეს უკრაინის შიდა საქმეებში ჩარევას გამოჩნდა. ეს არის პოპულიზმი. მან რეალური ნაბიჯის გადადგმის ნაცვლად თავი მოიწონა საქართველოს მოსახლეობის წინაშე, რომ აი ჩვენ როგორი მკაცრები ვართ სააკაშვილთან მიმართებაშიო. თუ სიმკაცრეს იჩენ სააკაშვილის მიმართ, უნდა ჩამოიყვანო და ჩასვა ციხეში.
ხვალ რომ გამოვიდეს ზელენსკი და გვითხრას, რომ თუ ეს ადამიანი ასეთი დამნაშავეა და ამის გამო არ უნდა დავნიშნო სადმე, ან დავაყენო კანდიდატად, მაშინ რატომ არ ითხოვთ მის ექსტრადირებასო, ძალიან მაინტერესებს ზელენსკიმაც ასეთი არადიპლომატიური და ხისტი განცხადება რომ გააკეთოს, როგორც „ქართულმა ოცნებამ“ გააკეთა, თქვენი აზრით ხელისუფლებას რა ექნება პასუხი? მგონი უარეს მდგომარეობაში აღმოჩნდებიან.
_ ნამდვილად არ ვიცი და არც ის ვიცი, მან უარი რომ თქვას საქართველოს მოთხოვნაზე, რა შემხვედრი ნაბიჯი ექნება ხელისუფლებას...
_ ამიტომ, ასეთ დროს, როდესაც ჩვენ სტრატეგიული პარტნიორები ვართ და ორივე ქვეყანასთან მიმართებით რუსეთი ახორციელებს ოკუპაციას და მის წინააღმდეგ ჩვენ ერთობლივად მოგვიწევს ბევრი ნაბიჯის გადადგმა, ასევე ნატოსა და ევროკავშირში ინტეგრაციის მიმართულებითაც, ასეთ დროს შიდა პოლიტიკური ქულების დასაწერად ასეთი ტიპის ხისტი განცხადებების გაკეთება, არასწორია. ზელენსკის რას ვთხოვთ? თუ დასაჭერი იყო ეს კაცი, ჩვენი დასაჭერია. ჩვენი ქვეყნის შიდა საქმეა. რა გვინდა? ზელენსკიმ დაიჭიროს და ციხეში ჩასვას თუ როგორ არის საქმე?! ჩვენი მოსაგვარებელი საქმე ჩვენმა ქვეყანამ უნდა მოაგვაროს. თუკი ასეთ ნაბიჯებს არ ვდგამთ, მაშინ ასეთი ხმაური დიპლომატიურ დონეზე არასწორად მიმაჩნია.
ავტორი: იაგო ნაცვლიშვილი