საქართველოს სახელმწიფო დროშის დღესთან დაკავშირებით, პარლამენტში საზეიმო მიღება გაიმართა.
„საქართველოს დროშა ერთ-ერთი უძველესი დროშაა მთელს მსოფლიოში და წარმოადგენს არა ერთი სახელმწიფო წყობილების, ერთი ხელისუფლების ან ერთი პარტიის თუ პოლიტიკური ჯგუფის სიმბოლოს, არამედ, გამოხატავს მთლიანად ჩვენი სახელმწიფოს და საზოგადოების ისტორიულ გზას, იმ ღირებულებებს, რომლებსაც საუკუნეების განმავლობაში ეფუძნებოდა ჩვენი საზოგადოება და რაც აერთიანებდა მას საერთო ევროპულ ოჯახთან. ამ დროშას იცნობდნენ და იცნობენ მსოფლიოში და ღირს პატივს მიაგებენ მას”,- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ საქართველოს სახელმწიფო დროშის დღესთან დაკავშირებით გამართულ საზეიმო მიღებაზე განაცხადა.
მიღებას, რომელიც საქართველოს პარლამენტში გაიმართა, ირაკლი კობახიძემ უმასპინძლა და დამსწრეებს ეროვნული დამოუკიდებლობის სიმბოლოს - სახელმწიფო დროშის დღე მიულოცა.
სიტყვით გამოსვლისას პარლამენტის თავმჯდომარემ განაცხადა, რომ სახელმწიფო სიმბოლოების აღდგენაზე მუშაობა დამოუკიდებლობის აღდგენის დღიდან დაიწყო და დიდი სამუშაო იქნა გაწეული იმისთვის, რომ დადგენილიყო, თუ როგორი დროშა ჰქონდა ქართულ სახელმწიფოს ისტორიული დროიდან. ირაკლი კობახიძემ ამ საქმეში შეტანილი საკვანძო წვლილისთვის ჰერალდიკის სახელმწიფო საბჭოს თავმჯდომარეს, ელდარ შენგელაიას მადლობა გადაუხადა.
„ამ კვლევის შედეგებზე დაყრდნობით, 1999 წელს საქართველოს პარლამენტმა მიიღო დადგენილება სახელმწიფო ატრიბუტიკის შეცვლის თაობაზე და ამის საფუძველზე, 2004 წლის 14 იანვარს საქართველოს პრეზიდენტმა ხელი მოაწერა უკვე დადგენილებას ხუთჯვრიანი დროშის სახელმწიფო დროშად დადგენის შესახებ და შესაბამისად, 14 იანვარი გამოცხადდა სახელმწიფო დროშის დღედ. მე მინდა აღვნიშნო, რომ ბატონ ელდარ შენგელაიას მიუძღვის ძალიან დიდი წვლილი, საკვანძო როლი შეასრულა მან ამ ყველაფერში და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ დღესაც ის ხელმძღვანელობს ამ ძალიან მნიშვნელოვან საქმეს ჰერალდიკის მიმართულებით“,- განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.
ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, რომ საქართველოს დროშა, რომელიც ერთ-ერთი უძველესი დროშაა მსოფლიოში, წარმოადგენს არა ერთი სახელმწიფო წყობილების, ხელისუფლების ან პოლიტიკური ჯგუფის სიმბოლოს, არამედ, გამოხატავს მთლიანად ჩვენი სახელმწიფოსა და საზოგადოების ისტორიულ გზასა და ღირებულებებს. მისივე თქმით, დღეს პარლამენტში მუნიციპალური სიმბოლოებია გამოფენილი, რომელთა შექმნის პროცესს კოორდინაციას ჰერალდიკის სახელმწიფო საბჭო ათი წლის განმავლობაში უწევდა.
„ჩვენ სიამაყით შეგვიძლია აღვნიშნოთ, რომ ძალიან დიდი გემოვნებით არის შესრულებული თითოეული მუნიციპალიტეტის სიმბოლო, თითოეული მუნიციპალიტეტის სიმბოლიკა. დღეს უკვე ყველა მუნიციპალიტეტს, გარდა ოკუპირებული ტერიტორიებისა და გარდა ქალაქ თბილისისა, აქვს დამოუკიდებლობის პირობებში თვითმმართველი წარმომადგენლობის მიერ შექმნილი საკუთარი დროშა და გერბი და სახელმწიფო დროშის მსგავსად, ქალაქ ფოთს აქვს მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ძველი დროშა და ეს დროშაც ასევე, აღდგენილი და დადგენილია. კიდევ ერთხელ, ჩვენ შეგვიძლია ვიამაყოთ იმ სიმბოლიკით, რომელიც არის დადგენილი ეროვნულ დონეზე, მუნიციპალიტეტების დონეზე, რომლებიც ღირსეულად წარმოადგენს ჩვენს სახელმწიფოს და ჩვენს მუნიციპალიტეტებს“,- განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.