განცხადება მაინც გააკეთეთ, რომ თუ 24 დეკემბერს არ გათავისუფლდება მიშა, ვერანაირ აზრს ვეღარ ხედავთ დეპუტატობაში - ასე მიმართავს "ნაციონალური მოძრაობის" წევრი კობა ხაბაზი საპარლამენტო ოპოზიციას:

"პირველად ვნანობ, რომ დეპუტატის მანდატი არ მაქვს.
მე რომ დღეს დეპუტატის მანდატი მქონოდა, ერთი წამითაც არ დავფიქრდებოდი, ამ მანდატზე უარს ისე ვიტყოდი.
მართლა არ ვიცი, რად გიღირთ ეს მანდატი.
ისტორია კრიტიკულ მომენტებში მიღებული სწორი გადაწყვეტილებების დამფასებელია.
გინდათ დაარწმუნოთ მხარდამჭერები, რომ ბოლომდე პრინციპულები იქნებით? გინდათ ბოლომდე გამოგყვეს ხალხი ამ ურთულეს ბრძოლაში? უკანდასახევი გზა ჩახერგეთ!
თუ ვერ დგამთ ამ ნაბიჯს, განცხადება მაინც გააკეთეთ, რომ თუ 24 დეკემბერს არ გათავისუფლდება მიშა, ვერანაირ აზრს ვეღარ ხედავთ დეპუტატობაში და ყველა როგორც ერთი, უარს იტყვით მანდატებზე, დაანახეთ ამ მანქურთ ხელისუფლებას, რომ ამ საკითხზე კომპრომისი არ იქნება.
2016 წლის და 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე უარი ვთქვი კანდიდატობაზე, მიმაჩნდა, რომ ჩემი ადგილი ახალგაზრდებისთვის უნდა დამეთმო. ეს გადაწყვეტილება არასდროს მინანია, მხოლოდ დღეს, დღეს ვნანობ რომ არ მაქვს მანდატი, მხოლოდ იმიტომ, რომ ამ მანდატს პუტინის მონებს სახეში სიამოვნებით მივათხლიშავდი." -წერს კობა ხაბაზი სოციალურ ქსელში.