სამწუხაროდ, ამ ქვეყანას ჰყავს უვიცი პრემიერი, ვინც საერთოდ არ იცის და არ ესმის რას ლაპარაკობს , - ასე შეაფასა „რესპუბლიკური პარტიის“ თავმჯდომარემ, საქართველოს პარლამენტის დეპუტატმა, ხათუნა სამნიძემ პრემიერ-მინისტრ, ირაკლი ღარიბაშვილის დღეს გაკეთებული განცხადებები.
„ ვის მიმართავს, როდესაც ლაპარაკობს კონსერვატიულ ფასეულობებზე, ოჯახის დაცვაზე და სხვა საკითხებზე, სწორედაც რომ ევროპის ფასეულობებია. პირველ რიგში, ამას რუსეთს უნდა ეუბნებოდეს. ამ ქვეყანაში, ვინმეს თუ უნდა არასტაბილურობა, არ იყოს მშვიდობა, არ იყოს ოჯახები დაცული, ახალგაზრდობა არ იყოს დაცული ეს არის რუსეთი.
სამარცხვინოა, როდესაც უვიცობასთან ერთად, პრემიერი მავნებლობს კიდევაც და საქართველოს კონსტიტუციის წინააღმდეგ მიდის. ვურჩევდი, პირველ რიგში კონსტიტუცია წაიკითხოს და მერე ელაპარაკოს ბიძინა ივანიშვილს. ვურჩევდი, გადახედოს უახლეს წარსულს, თუ რა უნდა საზოგადოების უმრავლესობას და მერე მოუსმინოს ორბანს.
ჩვენ ვართ ევროპული სტატუსის მოპოვების გზაზე და თითოეული განცხადება, განსაკუთრებით ხელისუფლების წარმომადგენლების, არის უმნიშვნელოვანესი. მარტო 12-პუნქტიანი რეკომენდაციის შესრულება კი არ არის მთავარი, მთავარია რა პოლიტიკური პროცესებია ქვეყანაში და რას აკეთებს ხელისუფლება“,- განაცხადა სამნიძემ.