ძალიან სამარცხვინოა, როდესაც 24 თებერვალს რადაში დაპატიჟებულ დელეგაციებს შორის არ იქნება წარმოდგენილი საქართველოს ხელისუფლება. ეს არის ლუსტრირება იმის, თუ სად დგას „ქართული ოცნების“ ხელისუფლება, - ამის შესახებ „ლელოს“ პოლიტიკურმა მდივანმა, სალომე სამადაშვილმა „პალიტრანიუსის“ ეთერში განაცხადა.
„არაფერ შუაში არ არის მიხეილ სააკაშვილის თემა. ომის დაწყებიდან მეორე დღეს პრემიერ-მინისტრად წოდებული, ღარიბაშვილი გამოვიდა და გამოაცხადა, რომ რუსეთი ომში იმარჯვებს. ასეთი განცხადებების გამო აქვს უკრაინის ხელისუფლებას ის დამოკიდებულება, რაც აქვს დღევანდელი ხელისუფლების მიმართ.
დღეს მნიშვნელოვან ხალხთან გვქონდა შეხვედრები. სწორედ იმიტომ, რომ ქართველ ხალხს უფრთხილდებიან, უკრაინული მხარე საჯაროდ არ ლაპარაკობს საქართველოს დამოკიდებულებაზე და „ქართული ოცნების“ მიერ გადადგმულ ნაბიჯებზე. მხოლოდ ეს შემიძლია გითხრათ. ბევრ რამეს საჯაროდ არ ამბობენ, რადგან მათი თხოვნაა, მეც არ ვიტყვი. საჯაროდ არ გავაჟღერებ, რასაც „ქართული ოცნება“ აკეთებს ამ ურთიერთობების დასაზიანებლად. „ქართული ოცნება“ ბევრად უარესს აკეთებს, ვიდრე ჩანს. აკეთებს, იმიტომ რომ „ქართული ოცნება“ რუსეთის მოკავშირე პოლიტიკური ძალაა“, - განაცხადა სამადაშვილმა.
მისივე შეფასებით, „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში ყოფნის გაგრძელება ნიშნავს, საბოლოოდ უარის თქმას დამოუკიდებლობაზე და სუვერენიტეტზე.
„ერთადერთი, ვინც კმაყოფილია „ქართული ოცნებით“ ეს არის რუსეთის დღევანდელი რეჟიმი“,- განაცხადა სალომე სამადაშვილმა.