„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე საკუთარ ტყუილებში იბლანდება და მტკნარი სიცრუეა, რომ ევროპარლამენტის პოლიტიკური წონა ადეკვატური არ არის - ამის შესახებ პარტია „ლელოს“ პოლიტიკურმა მდივანმა, სალომე სამადაშვილმა „პალიტრანიუსის“ ეთერში განაცხადა.
„კობახიძე საკუთარი ტყუილებში ძალიან აბლანდულია. „ქართული ოცნება“ მარტო იტყუება, სიმართლეს აღარ საუბრობს და ჩვენ ვიცით, რომ „ტყუილს მოკლე ფეხები აქვს“.
ჩვენ ევროკავშირში რეალურად გვითხრეს, რომ ოლიგარქიული რეჟიმი და ევროკავშირი ერთად არ გამოდის. თქვენ უნდა აირჩიოთ - ან ხართ დემოკრატიული სახელმწიფო, ან ხართ ოლიგარქიული ფეოდალური სისტემა. თუ ოლიგარქიული ფეოდალურის სისტემა არის „ქართული ოცნების“ არჩევანი, მაშინ დიახ, ივანიშვილის დასანქცირებას მათთვის არავითარი მნიშვნელობა არ აქვს, იმიტომ რომ ისინი უკვე ღიად ამბობენ, რომ საქართველო ბელარუსად გადაიქცა, რომ მას ევროკავშირთან მიმართებაში არანაირი დღის წესრიგი არ აქვს და შესაბამისად, არ ადარდებთ არც ევროპული შეფასებები და არც ის, სანქციებს შემოიღებს თუ არა ევროკავშირი ივანიშვილთან მიმართებით. შესაბამისად, ეს ქართველ ხალხს ეუბნება, რომ ამ ქვეყნის ევროპული და დასავლური მომავალი მორჩა, ეს ქვეყანა არის გადაქცეული უკვე რუსეთის უკანა ეზოდ და დე ფაქტო რუსეთიდან იმართება. თუ ქართველი ხალხი ამ რეჟიმისგან თავს გაითავისუფლებს, მაშინ მას ევროპული მომავალი ექნება, თუ არა - იარსებებს ისე, როგორც ბელარუსი“, - განაცხადა სამადაშვილმა.