ვრჩები პარტიაში, ფრაქციაში და არსად წასვლას არ ვაპირებ, – ამის შესახებ ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილმა თავმჯდომარემ, ხატია დეკანოიძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „დღის თემა“ განაცხადა.

„საქმიანობა, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანი იყო ჩვენი ფრაქციისთვის, გაგრძელდება ჩემ მიერ. ამას ჩემთვის ნამდვილად არ განსაზღვრავს თანამდებობა. გაცილებით მაღალი თანამდებობებიდან გადავმდგარვარ. ამიტომ, ვფიქრობ, გადაწყვეტილება, რომელიც მივიღე, რა თქმა უნდა, არ შეიცვლება“, – განაცხადა დეკანოიძემ.

მისი თქმით, ფრაქციის იდეალური თავმჯდომარე ლევან ბეჟაშვილი იქნება, რადგან მან ძალიან კარგად იცის საპარლამენტო მუშაობა, იყო ფრაქციის თავმჯდომარის პირველი მოადგილე და ლოგიკური იქნება, მან გააგრძელოს ფრაქციის თავმჯდომარის პოსტზე საქმიანობა.

გადაცემის წამყვანის შეკითხვაზე, რამდენად სწორი იყო ის, რომ ლევან ხაბეიშვილმა ხელისუფლებას პარლამენტიდან და საკრებულოებიდან გასვლის სანაცვლოდ მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების პირობა მასთან შეუთანხმებლად წაუყენა, ხატია დეკანოიძემ განაცხადა, რომ ნებისმიერი ასეთი განცხადება, რომელიც შესაძლოა, პარტიისთვის ამ ძალიან რთულ პერიოდში რაღაცნაირად გამყოფი აღმოჩნდეს, რა თქმა უნდა, კონენსუსით უნდა იქნას მიღწეული.

„მაგალითად, წარმოუდგენელია, მე ერთპიროვნულად ვიღებდე გადაწყვეტილებას ფრაქციაში. რატომღაც იყო ასევე მოსაზრებები, თითქოს ფრაქციას, ადამიანებს რაღაცნაირად ვაკავებ, მაგრამ არა, ეს არის კოლეგიალური ორგანო“, – განაცხადა ხატია  დეკანოიძემ.

შეკითხვაზე, განიხილავს თუ არა პარტიის დატოვებას იმ შემთხვევაში, თუ საპარლამენტო ბოიკოტის გადაწყვეტილება მიიღება, ხატია დეკანოიძემ განაცხადა, რომ პარტიის დატოვებას არცერთ კონტექსტში არ განიხილავს.

„არ მგონია. პარტიის დატოვებას, რა თქმა უნდა, არ განვიხილავ არცერთ კონტექსტში. იმიტომ, რომ პარტიის დატოვება ცოტა უფრო სხვა რამ არის“, – განაცხადა ხატია დეკანოიძემ.