მე რომ რაიმე რწმენა მქონოდა ამ პარტიის თავმჯდომარეში ან იმ პროცესებში, რომლებიც პარტიაში მიმდინარეობს, პარტიას არ დავტოვებდი. „ნაციონალურ მოძრაობაში“ ნამდვილად არ არის მოგების გასაღები, – ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა, „ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილმა წევრმა, ხატია დეკანოიძემ განაცხადა, რითაც გამოეხმაურა ლევან ხაბეიშვილის განცხადებას, სადაც ის აღნიშნავს: „ივანიშვილის დამარცხების მთავარი გასაღები „ნაციონალურ მოძრაობას“ აქვს. ჩვენთან უნდა ისაუბროს ყველამ. მოვიდნენ და თუ უნდათ, მივეხმარებით ამ გასაღების გადამრავლებაში, რომ 5-7% მიიღონ, რათა ხვალ, ზეგ იყოს კოალიციური მთავრობა“.
მისი თქმით, მოგების გასაღები არის „ნაციონალური მოძრაობის“ გარეთ სხვადასხვა ძალის კონსოლიდაციაში.
„„ნაციონალური მოძრაობის“ ორბიტაზე მყოფი პარტიები და ის ადამიანები, პოლიტიკოსები, რომლებიც ახლა „ნაციონალური მოძრაობის“ გარშემო არიან და „ნაციონალური მოძრაობის“ სახელით საუბრობენ, არიან პარტიის ლიდერები: ქალბატონი ჩარკვიანი, ბატონი გუბაზ სანიკიძე, „სტრატეგია აღმაშენებელი“ და ა.შ. მათი ერთობა არ გამოიწვევს დამატებით ხმების მატებას „ნაციონალური მოძრაობისთვის“. ეს არის ხმები, რომლებიც ეკუთვნის მიხეილ სააკაშვილს და, ჩემი აზრით, ეს ორბიტა უნდა იყოს ცალკე. აქეთა მხარეს უნდა იყოს ერთობა იმ ადამიანებისა და პოლიტიკური ძალების, ვისაც არ უნდა „ნაციონალურ მოძრაობაში“ გაერთიანება და ვისაც ესმის, რომ იმ ქვაბში ჩაყრა, როგორც ორბანმა ჩაყარა ერთ ქვაბში მთელი ოპოზიცია, არ არის გამარჯვების ფორმულა. ამიტომ, ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვანია, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ თავისი ამომრჩევლის კონსოლიდაცია გააკეთოს“, – განაცხადა ხატია დეკანოიძემ.
მისივე თქმით, „ნაციონალური მოძრაობის“ გარშემო ვერ მოხერხდება მთელი გადაუწყვეტელი ამომრჩევლის კონსოლიდაცია.
„ჩვენ გვაქვს მაგალითად, რატომ ვერ დაამარცხა ოპოზიციამ ორბანი არჩევნებზე. მემარჯვენეები, მემარცხენეები და ძალიან ბევრი სხვადასხვანაირი პარტია გაერთიანდა ერთად და ხმები, რომლებიც უნდა დამატებოდა ამ პარტიებს, ოპოზიციას – წაიღო ორბანმა. მე ამას ვუწოდებ „ორბანის ქვაბს“. ახლა ჩვენ გვაქვს „ივანიშვილის ქვაბი“, ის ამ ქვაბში წარმატებით ხარშავს ყველას, „ნაციონალური მოძრაობა“, ოპოზიცია, ზელენსკი, ევროკავშირი და ა.შ. და ახლა „ნაციონალური მოძრაობის“ გარშემო გაერთიანება ნიშნავს, რომ ეს ქვაბი გაცილებით დაცლილი იქნება, ვიდრე ავსებული. ამიტომ, ჩემი მოსაზრებით, „ნაციონალური მოძრაობის“ ორბიტაზე მყოფი ლიდერები და პარტიები, ვინც არიან – ჩარკვიანი, სანიკიძე, „სტრატეგია აღმაშენებელი“, არ ვიცი „დროას“ და „გირჩის“ გადაწყვეტილება, მაგრამ ესენი უნდა იყვნენ ამ ორბიტაზე და აქეთ მხარეს უნდა გაძლიერდეს კიდევ გადაუწყვეტელი ამომრჩევლისთვის შესაბამისი არჩევანის მიმცემი პოლიტიკური ცენტრი. ჩემი წარმოდგენით, ეს ასეა, არ ვიცი, ახლა ერთი პარტია იქნება, ორი, სამი, ოთხი თუ ხუთი. ტექნიკური თანამშრომლობა შესაძლებელია. თქვენ იცით, რომ ბლოკები აღარ არსებობს, მაგრამ შესაძლებელია ტექნიკურად, მსხვილი ცენტრი ჩამოყალიბდეს. ამაზე საუბარი ცოტა ადრეა, მაგრამ მე ვერ ვხედავ ძალიან ლოგიკურად და პრაგმატულად. ამას ვამბობდი მაშინაც, როდესაც ვიყავი „ნაციონალურ მოძარობაში“. პრაგმატულად, პარტია, რომელიც უერთდება „ნაციონალურ მოძრაობას“, მისი ხმები არ მიდის „ნაციონალურ მოძრაობაში“. ამომრჩეველს უნდა მივცეთ ორი ან სამი შეთავაზება, გამსხვილებული ცენტრები, და ამის შემდეგ ვიმუშაოთ გადაუწყვეტელ ამომრჩეველზე. ყველა თუ იქნება „ივანიშვილის ქვაბში“, ჩემი წარმოდგენით, ეს იქნება მხოლოდ არაპრაგმატული“, – განაცხადა ხატია დეკანოიძემ.