„ქართული ოცნება“ მომავალი პროპაგანდისთვის ნიადაგს იმზადებს და საზოგადოებამ უნდა მოიფიქროს, ამ საინფორმაციო ომს როგორ დაუპირისპირდეს - ამის შესახებ პარლამენტის დამოუკიდებელმა დეპუტატმა ხატია დეკანოიძემ განაცხადა.
„ბიძინა ივანიშვილმა აიღო დიდი ქვაბი და ამ ქვაბში ჩაყარა ყველა - ოპოზიცია, მიხეილ სააკაშვილი, ზელენსკი, ევროკავშირი, კრიტიკული მედია და ნივთიერება, რომელიც გამოვიდა, გადაითარგმნა იმაში, რომ ჩვენ ომი გვინდა. „ქართული ოცნების“ შეფასებები ჩემთვის გასაგებია და ახლა ყველაზე მნიშვნელოვანი არის ის, თუ ჩვენ, ოპოზიცია, რას დავუპირისპირებთ მათ. ეს არის პირველი მთავრობა საქართველოს ისტორიაში, რომელიც ქვეყნის კონსტიტუციურ არჩევანს ღიად ეწინააღმდეგება. მათი პოლიტიკის შედეგი შეიძლება იყოს საქართველოს სრული იზოლაცია, სხვა გასაქანი ამას არ ექნება. იმ კონფიგურაციაში, როდესაც უკრაინის შეტევების ფონზე რუსეთი დასუსტდა და თავის ტერიტორიებს ვეღარ იცავს, ის, რომ საქართველოს ორიენტირი რუსეთის ეკონომიკაზე გადაწყობაა, ნიშნავს იმას, რომ როგორც ჩანს, ფარული მოლაპარაკებები არსებობს. მე არ ვიცი ეს რა ფარული ხაზია, მაგრამ ოდესმე პასუხი გაეცემა, რადგან ისტორია უპასუხოდ არაფერს ტოვებს“, - განაცხადა ხატია დეკანოიძემ.