გაუგებარია, „ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან რატომ გახდა საჭირო ამხელა ფოკუსი ჩვენს პოლიტიკურ ჯგუფზე, როდესაც უდიდესი პრობლემები აქვთ პარტიაში, ასევე პარტიის გარეთ, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილმა წევრმა, ოპოზიციონერმა დეპუტატმა, ხატია დეკანოიძემ განაცხადა, რომელიც გოცირიძე-დეკანოიძის ინიციატივასთან დაკავშირებით „ნაციონალურ მოძრაობაში“ გაკეთებულ შეფასებებს გამოეხმაურა.
საქმე ეხება რეგლამენტში შესატან ცვლილებებს, რომლის მიღების შემთხვევაში, ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობიდან“ გასული დეპუტატები პოლიტიკური ჯგუფის შექმნას შეძლებენ.
ხატია დეკანოიძის აზრით, „ნაციონალურ მოძრაობას“ ეშინია, რომ ამ ცვლილებებით კიდევ უფრო დაიშლება მათი ფრაქცია.
„ძალიან მიხარია, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ და „ქართული ოცნების“ მხრიდან ამხელა დაინტერესებაა ჩვენი პოლიტიკური ჯგუფის მიმართ. არ ვფიქრობ, რომ „ნაციონალური მოძრაობის“, ყველაზე დიდი ფრაქციის, ერთადერთი პრობლემა იყოს, შეიქმნება თუ არა პოლიტიკური ჯგუფი ხატია დეკანოიძის და რომან გოცირიძის მიერ. მგონი, სხვა ბევრი გამოწვევა არსებობს მათთვის, როგორც პარტიული, ასევე ფრაქციის მიმართულებით, ამიტომ ეს ცოტა გაუგებარია.
პოლიტიკური ჯგუფის სასარგებლო მომენტებია საპარლამენტო დრო, კონკრეტულად აპარატზე გამოყოფილი თანხა. ჩვენ რამე სარგებელი არ გვექნება. მართლა გაუგებარია, რატომ გახდა საჭირო ამხელა ფოკუსი „ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან ამ ჯგუფზე, როდესაც უდიდესი პრობლემები აქვთ პარტიაში, ასევე პარტიის გარეთაც. არავის შევყვები და ნამდვილად არ მაინტერესებს ტალახის უკან სროლა. გაუგებარია, ტალახის სროლა რას ემსახურება. „ნაციონალურ მოძრაობას“ ეშინია, რომ ამ ცვლილებებით კიდევ უფრო დაიშლება მათი ფრაქცია, რადგან პარტიაში რთული მდგომარეობაა და ეს ფრაქციაში არ აისახოს. როგორც მივხვდი, ფრაქციის დაშლას ისედაც აპირებენ, ისეთი განცხადება მოვისმინე, რომ პატარა ჯგუფები უნდა გავაკეთოთ ამ ცვლილებების შემდეგო“, – განაცხადა ხატია დეკანოიძემ.