აუცილებლად ხაზგასასმელია, რომ ამ ხელისუფლებამ ყველანაირი ძალისხმევა მიმართა იმისთვის, რომ ჩვენ კანდიდატის სტატუსი არ მიგვეღო. ეს იყო, მაგალითად, რუსული კანონმდებლობის მიღება, პრეზიდენტის იმპიჩმენტი და სხვა. ამიტომ, ჩვენ თუ ვიღებთ კანდიდატის სტატუსს, ეს დამსახურება არის მხოლოდ და მხოლოდ საქართველოს მოქალაქეების, რომლის 75%-ზე მეტი ქვეყნის ევროპული ინტეგრაციის მომხრეა, – განაცხადა პარლამენტის წევრმა ხატია დეკანოიძემ პლენარულ სხდომაზე.
მისივე თქმით, კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე გავლენას ასევე ახდენს გეოპოლიტიკური რეალობა.
„ძალიან საშიში რეალობიდან, საფრთხეებიდან გამომდინარე, რომელიც არსებობს რეგიონში, ევროკომისიამ გადაწყვიტა, რომ საქართველო ნამდვილად მარტო არ დაეტოვებინა რუსეთთან, საქართველო, რომლის მოქალაქეებს კლავენ მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ, რომ ქვეყანა არის ოკუპირებული და ეთნიკურად ქართველები არიან საოკუპაციო რეჟიმის სამიზნე“, – აღნიშნა ხატია დეკანოიძემ.
ოპოზიციონერი დეპუტატის განცხადებით, 2024 წლის საპარლამენტო არჩევნები იქნება ტესტი საქართველოს დემოკრატიისთვის და ტესტი – გაიხსნება თუ არა საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკების შემდეგი ეტაპი.