საოკუპაციო რეჟიმის მიერ საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქის, თემურ კარბაიას მკვლელობა დასტურია, როგორ ითელება ფეხქვეშ ადამიანის უფლებები ოკუპირებულ ტერიტორიაზე, – ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა, ხატია დეკანოიძემ განაცხადა და განმარტა, რომ საქართველოს ხელისუფლებას არავითარი სტრატეგია არ აქვს და არც ერთი ნაბიჯი არ გადაუდგამს „ოთხოზორია – ტატუნაშვილის სიის“ აღსრულების მექანიზმის ჩამოყალიბებისთვის.

„მას შემდეგ, რაც საქართველოს ტერიტორიების ნაწილი რუსეთის ოკუპაციის ქვეშაა, საქართველოს არც ერთი მოქალაქის უფლება დაცული არ არის და ყველა მოქალაქის სიკვდილზე მთელი პასუხისმგებლობა რუსეთს ეკისრება. პრაქტიკულად, პუტინს გადაწყვეტილი აქვს, საოკუპაციო რეჟიმის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებზე კიდევ ერთი გენოციდი მოაწყოს. მიუხედავად იმისა, რომ „ოთხოზორია – ტატუნაშვილის სია“ არსებობს, რომლის მიხედვით, არა მხოლოდ სანქციები და სასჯელები უნდა დაეკისროს იმ ადამიანებს, ვინც პასუხისმგებელნი არიან ამ ყველაფერზე, არამედ საქართველოს ხელისუფლებამ ამ მიმართულებით კონკრეტული ნაბიჯები უნდა გაატაროს. თვე არ გავა, საქართველოს მოქალაქე არ გაიტაცონ ან არ მოკლან. საქართველოს ხელისუფლებას არც ერთი ნაბიჯი არ გადაუდგამს „ოთხოზორია – ტატუნაშვილის სიის“ აღსრულების მექანიზმის ჩამოყალიბებისთვის. ამ კუთხით ხელისუფლებას არავითარი სტრატეგია არ აქვს. დღეს ადამიანის უფლებათა კომიტეტის სხდომაა და ამ საკითხის დღის წესრიგში დაყენებას ვაპირებ. უნდა მივიღოთ კიდევ ერთი რეზოლუცია. ჩვენ უნდა მოვთხოვოთ ხელისუფლებას, უფრო სერიოზული ნაბიჯები გაატაროს“, – განაცხადა ხატია დეკანოიძემ.

გავრცელებული ინფორმაციით, ოკუპირებულ გალში ადგილობრივი ე.წ. მილიციის მხრიდან ფიზიკური ანგარიშსწორების შედეგად საქართველოს მოქალაქე დაიღუპა. სუს-ში განაცხადეს, რომ საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა საქართველოს მოქალაქის გარდაცვალების ფაქტი დაადასტურეს, თუმცა არ დაადასტურეს ხსენებული პირის უკანონოდ დაკავების მცდელობა.