"ვიხსენებ და ვერ გავიხსენე, როდის მოუხდია პოსტსაბჭოთა საქართველოში ბოდიში ხელისუფალს საჯაროდ, მასთან დაპირისპირებული მომიტინგეებისთვის (მით უფრო, შინაგან საქმეთა მინისტრს). სხვას ვინ ჩივის, ირინა ენუქისთვის ბოდიშის მოხდის ნებაც კი არ აღმოაჩნდათ ძალაუფლებით გაზულუქებულებს", - ამის შესახებ სოციოლოგი იაგო კაჭკაჭიშვილი სოციალურ ქსელში წერს.

"სიტყვა „ბოდიშის“ წარმოთქმა მაშინაც კი გვიჭირს, როდესაც დარწმუნებით ვიცით, რომ მართლები არ ვართ.

მით უფრო, ბოდიშის მოხდა არ შეუძლიათ ხელისუფლების წარმომადგენლებს, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც მათ ძალაუფლებას საფრთხე არ ექმუქრება.

ვიხსენებ და ვერ გავიხსენე, როდის მოუხდია პოსტსაბჭოთა საქართველოში ბოდიში ხელისუფალს საჯაროდ, მასთან დაპირისპირებული მომიტინგეებისთვის (მით უფრო, შინაგან საქმეთა მინისტრს). სხვას ვინ ჩივის, ირინა ენუქისთვის ბოდიშის მოხდის ნებაც კი არ აღმოაჩნდათ ძალაუფლებით გაზულუქებულებს.

რასაკვირველია, ამ კონკრეტულმა, გუშინდელმა ბოდიშმა უფრო მედიაციის, სიტუაციის განმუხტვის როლი ითამაშა და, მოსალოდნელია, შემდგომი მნიშვნელოვანი ცვლილებებისთვის გულწრფელი საფუძველი არ აღმოჩნდეს.

და ასეც რომ იყოს – მე არანაკლებ მნიშვნელოვანი ის მგონია, რომ ახალგაზრდული ენერგიის პირისპირ, როდესაც ეს ენერგია ღირსებისა და თავისუფლების დაცვაზე გადიოდა, ხელისუფლებას მოუწია თავდაცვის რეჟიმში ჩადგომა და ვერ გაბედა (!) შუბლძარღვგაწყვეტილი თავის მართლება.

ეს კი უთუოდ არის ახლაგაზრდული სუბკულტურების მიმართ ზონდერდამოკიდებულების პრევენციის ერთ–ერთი ინსტრუმენტი", - აცხადებს იაგო კაჭკაჭიშვილი.