საქართველოში ევროკავშირის ელჩი კარლ ჰარცელი პარლამენტის არჩეულ წევრებს მიმართავს და 20 აპრილს, დილის 09:00 საათიდან ევროკავშირის წარმომადგენლობაში შეთანხმებაზე ხელმოსაწერად ეპატიჟება.
„მივმართავ საქართველოს პარლამენტის ყველა არჩეულ წევრს – გეპატიჟებით შეთანხმებაზე ხელის მოსაწერად ევროკავშირის წარმომადგენლობაში, ხვალ, სამშაბათს, 09:00 საათიდან. დიდი მადლობა“, – წერს „ტვიტერზე“ ჰარცელი. შეგახსენებთ, ორბელიანების სასახლეში, ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელის მიერ პარტიებისთვის წარდგენილ დოკუმენტზე „საქართველოს სამომავლო გზა“ ხელმოწერა გუშინ, 19 აპრილს გაიმართა. დოკუმენტზე ხელმოწერები დატოვეს: დავით ბაქრაძემ, ალეკო ელისაშვილმა, ბადრი ჯაფარიძემ, ზურაბ ჯაფარიძემ, მამუკა ხაზარაძემ, ვახტანგ მეგრელიშვილმა, შალვა პაპუაშვილმა, სალომე სამადაშვილმა, ხათუნა სამნიძემ, არჩილ თალაკვაძემ, გიორგი ვაშაძემ. დღეს კი საქართველოში ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი ჩამოდის. ის ხელმოწერის პროცესს ონლაინ რეჟიმში ესწრებოდა.