ბოლო ორმა წელმა გამოაჩინა, თურმე რამდენს ახერხებდა გიორგი გახარია - ხელის მუხრუჭის გარეშე მიმავალი „ქართული ოცნება“ ხან რომელ კედელს მიეხეთქება და ხან რომელს - ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის“ წევრმა კახა ქემოკლიძემ „პალიტრანიუსის“ ეთერში განაცხადა.
„ვფიქრობ, სალომე ზურაბიშვილის დღევანდელი გზავნილები გულწრფელი იყო და სამართლიანი, რასაც ღარიბაშვილზე ვერ ვიტყვი. პოლიტიკოსები საქართველოს მოსახლეობას გულწრფელად უნდა ესაუბრებოდნენ. საქართველო იმ გზაგასაყარზეა, როდესაც დემაგოგია, პოპულიზმი და ფარისევლობა დამღუპველია. ჩემი აზრით, ზურაბიშვილის გზავნილები სახელმწიფოებრივად მოაზროვნე ადამიანის გზავნილები იყო, ღარიბაშვილის კი იმ პოლიტიკოსის გზავნილები, რომელიც ფიქრობს 2024 წლის არჩევნებზე და არა საქართველოს დიდ გამარჯვებებზე.
გეოპოლიტიკურად, საქართველოს დღეს უფრო სჭირდება ევროკავშირი, ვიდრე ევროკავშირს საქართველო.
ისტორიიდან და კულტურიდან გამომდინარე საქართველო კანდიდატის სტატუსს იმსახურებს. დღევანდელი ხელისუფლება კი არაფერს იმსახურებს, პოპულიზმის და დემაგოგიის გარდა არაფერს აკეთებს. მათ მარტივი მოცემულობა დაუდეს მოსახლეობას, ეს მოცემულობაა ან ომი, ან მშვიდობა“,- აღნიშნა ქემოკლიძემ.
მან 2019 წლის 20 ივნისზეც ისაუბრა. კითხვაზე, ჰქონდა თუ არა ბიძინა ივანიშვილს ვალდებულებები რუსეთთან მაშინ, როდესაც „გავრილოვი პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელში მოათავსეს“, ქემოკლიძე განმარტავს, რომ „ივანიშვილს ვალდებულებები ჰქონდა, თორემ ასე ბოლომდე არ შეტოპავდა“.
„ჩემი სუბიექტური აზრით, მგონი, მაშინაც ჰქონდა გარკვეულწილად ვალდებულებები, თორემ ასე ბოლომდე არ შეტოპავდა, ხელის მუხრუჭს მაინც გამოიყენებდა. მაშინ, დღევანდელი ხელისუფლებისგან განსხვავებით ისეთი ადამიანები იყვნენ, რომლებიც ახერხებდნენ მათი ამ უგუნური სიგიჟეების დაბალანსებას. ჩემი აზრით, ბოლო ორმა წელმა ეს კარგად გამოაჩინა, თურმე რამდენს ახერხებდა და ვერ ახერხებდა გიორგი გახარია. ჩემი აზრით, ნეიტრალური თვალით რომ შევხედოთ, იმაზე ბევრის გადაზღვევას აკეთებდა გიორგი გახარია, ვიდრე შესაძლებელი ყოფილა. ხომ გამოჩნდა, რომ ხელის მუხრუჭის გარეშე მიმავალი „ქართული ოცნება“ ხან რომელ კედელს მიეხეთქება და ხან რომელს“,- აღნიშნა ქემოკლიძემ.