თბილისის მერის კახა კალაძის შეფასებით, 26 ოქტომბრის არჩევნებთან დაკავშირებით საერთაშორისო გამოძიების მოთხოვნა ჩვენი ქვეყნის კონსტიტუციისა და შიდა ინსტიტუციების უპატივცემულობაა.
ამის შესახებ დედაქალაქის მერმა ჟურნალისტებს შესაბამისი კითხვის პასუხად განუცხადა.
„რა უნდა გამოიძიონ, რა არის გამოსაძიებელი? თქვენ ამ ქვეყანას პატივს არ სცემთ? ჩვენი ქვეყნის კონსტიტუციას პატივს არ სცემთ? იმ ინსტიტუციებს, რომლებიც ქვეყნის შიგნით არის, პატივს არ სცემთ? მე კი ვიცი, თქვენ რა დამოკიდებულება გაქვთ ჩვენი ქვეყნის მიმართ, გრძნობა „სამშობლო“, პატრიოტიზმი, ქვეყნის სიყვარული საერთოდ არ გაგაჩნიათ, იმიტომ, რომ როდესაც ხარ აგენტი და ატარებ სხვა ქვეყნის ინტერესს, ცხადია, ვერ გექნება ამ ქვეყნის სიყვარული,ატარებ სხვა ქვეყნის სიყვარულს. ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ იმ სიცრუეებზე, იმ ბრალდებებზე, რასაც ვისმენდით, მიმართა საქართველოს პროკურატურას. პროკურატურა გამოვიდა და მიმართა იმ ადამიანებს, ვინც გამოდიოდა და იძახდა, რომ არჩევნები გაყალბდა, რომ აქვთ ფაქტები, არის მტკიცებულებები, მიმართა ზურაბიშვილს და სხვა ადამიანებს, რომ წარმოედგინათ ეს ყველაფერი. რა ქნეს, სად არის ეს ფაქტები და მტკიცებულებები? არ არსებობს ბუნებაში და რა უნდა წარმოადგინონ? ყველაფერი ცხადი და ნათელია, არჩევნები ჩატარდა უმაღლეს დონეზე. ნახეთ ეუთო/ოდირ-ის შეფასებაც, როგორც შუალედური, ისე საბოლოო. ყველაფერი ცხადია, რომ არჩევნები იყო მრავალპარტიული, სადაც ყველა ადამიანს ჰქონდა არჩევანის გაკეთების შესაძლებლობა. შესაბამისად, 1 120 000-მა ადამიანმა არჩევანი გააკეთა მშვიდობაზე, ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებაზე, წინსვლასა და ღირსებაზე“, - აღნიშნაკახა კალაძემ.
რაც შეეხება მოლოდინებს ვიზალიბერალიზაციისგაუქმებასთან დაკავშირებით, თბილისის მერი აცხადებს, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში ჩვენ დასავლეთისგან მტრულ რიტორიკას ვისმენთ.
„ჩვენ მთელი ამ ხნის განმავლობაში ვისმენდით მტრულ განცხადებებს და იმ რიტორიკას, რომელიც კატეგორიულად მიუღებელია ჩვენთვის. ვისმენდით ისეთ განცხადებებს, რომ ეს ადამიანები არანაირ პატივს არ სცემენ ჩვენს სახელმწიფოებრიობას, სუვერენიტეტს და დამოუკიდებლობას. მაგათ მართლა თავისი კოლონია ხომ არ ვგონივართ, ამ განცხადებებით და მიდგომებით? შეიძლება სააკაშვილის პირობებში მართლა ასე იყო, მაგრამ დღეს საქართველოს ჰყავს ხელისუფლება, რომელიც,პირველ რიგში, ქართველი ხალხის ევროვნულ ინტერესს ატარებს და კეთილი ინებოს ყველამ, დასავლეთში იქნება ეს თუ სხვაგან, პატივი სცენ ამ ქვეყნის სუვერენიტეტს და დამოუკიდებლობას“, - განაცხადა კახა კალაძემ.