„ძალიან სამწუხაროა, როდესაც ჩვენი ქვეყნის მოქალაქე აკეთებს ამ ტიპის და ამ შინაარსის განცხადებას, მაშინ, როდესაც ვხედავთ, რა ხდება მსოფლიოში, რამდენად მძიმე მდგომარეობაა რეგიონში“, - ასე პასუხობს თბილისის მერი კახა კალაძე ჟურნალისტის კითხვას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ დაწყებულ გამოძიებასთან დაკავშირებით, რომელიც უკავშირდება ქართველი პოლიტიკოსებისა და საჯარო პირების მიერ მედიით გაკეთებულ განცხადებებს.
მისივე თქმით, მსგავსი ტიპის განცხადებები, რომლებიც ტყუილზეა დაფუძნებული, შესაძლოა, საფრთხის შემცველი იყოს, შესაბამისად, გამოძიების დაწყება სწორი და დროული იყო.
„ძალიან სამწუხაროა, როდესაც ჩვენი ქვეყნის მოქალაქე აკეთებს ამ ტიპის და ამ შინაარსის განცხადებას, მაშინ, როდესაც ვხედავთ, რა ხდება მსოფლიოში, რამდენად მძიმე მდგომარეობაა რეგიონში. ამ ყველაფრის გათვალისწინებით, ამ ტიპის განცხადებების გაკეთება, რომელიც სიცრუეზე, ტყუილზეა დაფუძნებული, არის ძალიან დიდი საფრთხის შემცველი. მარტივად რომ ვთქვათ, ეს არის მავნებლობა.ძალიან მნიშვნელოვანი იყო მყისიერი რეაგირება აღნიშნულზე. ჩვენ როგორც ვიცით, დაკითხვაზე იყვნენ ეს ადამიანები დაბარებულნი. არსებობდა კონკრეტული კითხვები აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით.
ყველა ადამიანს, რიგით მოქალაქეს, რომელიც უყურებს და ისმენს ტელევიზიით ამ შინაარსის და ამ ტიპის განცხადებებს, გაუჩნდება კითხვა: რა დგას ამის უკან? როგორ შეიძლება, ადამიანმა იკადროს ისეთი სიცრუე, რომელიც ძალიან დამაზიანებელი შეიძლება იყოს ჩვენი ქვეყნისთვის. შესაბამისად, გამოძიების დაწყებაც იყო სწორი, დროული, სწრაფი რეაგირება მოჰყვა ამ ყველაფრის. მათი მხრიდან შეცვლილი პოზიცია და შემდეგ გაკეთებული კომენტარი რაზე მიუთითებს, დარწმუნებული ვარ, ყველა ხვდება“, - განაცხადა კახა კალაძემ.













