დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ „ლელოს“ ლიდერის, მამუკა ხაზარაძის „ამერიკის ხმასთან“ გაკეთებული განცხადება შეაფასა, რომელშიც ხაზარაძე ეროვნული ინტერესების დაცვის მიზნით მხარს უჭერს ყველა მეთოდს, მათ შორის ხელისუფლების წარმომადგენლების დასანქცირებას.

მისი თქმით, მსგავსი პარტიებისადმი საზოგადოების დამოკიდებულება 2024 წლის არჩევნებზე დაფიქსირდება.

ძალიან დიდი უბედურებაა, რომ ქვეყნის ეროვნულ ინტერესზე ასეთი ადამიანები საუბრობენ, რომლებიც პირდაპირ აგენტები არიან. ქართველი ხალხი ძალიან კარგად ხედავს, რა მოცემულობა არის, ვინ არიან ეს ადამიანები, რითი იკვებებიან, რა არის მათი დღის წესრიგი, შესაბამისად, აქვთ ის რეიტინგი, რასაც ისინი იმსახურებენ. 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებზე ქართველი ხალხი ამ კონკრეტულ პოლიტიკურ პარტიებს გასცემს პასუხს“, - განაცხადა კახა კალაძემ.