თბილისის მერი კახა კალაძე მიიჩნევს, რომ ოპოზიციის წარმომადგენლები თავიანთი ხელმძღვანელების დავალებებს ასრულებენ და ქართულ სახელმწიფოს ებრძვიან.

ამის შესახებ დედაქალაქის მერმა პარტია „ლელოს“ დამფუძნებლის, მამუკა ხაზარაძის იმ განცხადების შეფასებისას აღნიშნა, სადაც მან ჯარს მოუწოდა, პრეზიდენტის ინაუგურაციას არ დაესწრონ.

„ეს ადამიანები თავიანთი ყოველდღიური ნაბიჯებით, ქმედებებით, ბოროტები არიან და ჩვეულებრივად ქართულ სახელმწიფოს ებრძვიან. მათ ქართული არაფერი გააჩნიათ. ისინი დღეს არც ქართულ სახელმწიფოს ეკუთვნიან, არც საკუთარ ოჯახებს. აგენტი არ ეკუთვნი შენს ქვეყანას, პირდაპირ უნდა შეასრულო ხელმძღვანელების დავალებები გარედან, რასაც აკეთებენ კიდეც. ყველანაირ ბოროტებას, სისულელეს აკეთებენ და სჩადიან თავიანთი განცხადებებით და ქმედებებით“, - განაცხადა კახა კალაძემ.