"ჩვენ არ დავუშვებთ არეულობას, ომს და ქვეყნის ინტერესების გაყიდვას, არც შიდა ძალების მცდელობით და არც გარე ძალების კარნახით. ეს არასდროს მოხდება. ეს კარგად უნდა შეიგნონ როგორც ქვეყნის შიგნით, ამ წვრილფეხა რადიკალებმა, ასევე ქვეყნის გარეთ მათმა პატრონებმა. - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძე საკრებულოში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. 

"აქვე მოსახლეობის გასაგონად კიდევ ერთხელ, ხაზგასმით განვმარტავ, „ქართულ ოცნებას“ არავითარი ევროპული გზიდან არ გადაუხვევია. „ქართული ოცნება“ არის ზუსტად ის ძალა, რომელმაც ქვეყანა ყველაზე მეტად დაახლოვა ევროპასთან. ყველა წინგადადგმული ნაბიჯი ევროინტეგრაციის გზაზე  უკავშირდება „ქართული ოცნების“ ხელისუფლების პერიოდს.

ცხადია, ჩვენ გვინდა ევროპა, მაგრამ ეს არავის აძლევს უფლებას ამ მიზნის ვიწროპოლიტიკური ინსტრუმენტალიზაცია მოახდინოს და ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ შანტაჟის იარაღად გამოიყენოს. ევროკავშირში გაწევრიანების მიზანი არავინ უნდა დაამსგავსოს სატყუარას, რომლის მეშვეობით ჩვენს გაბითურებას შეეცდებიან პატარა ბავშვებივით. რატომ ვამბობ ამას?! - გავიხსენოთ კანდიდატის სტატუსის მოცემა-არმოცემის საკითხი, როგორ გვაშანტაჟებდნენ და გვაყენებდნენ შეურაცხყოფას, სრულიად სიცრუით გაჯერებული მესიჯები, რომელსაც ვისმენდით გარედან, კონკრეტული პოლიტიკოსების მხრიდან და რა განცხადებები კეთდებოდა, რომელიც აბსოლუტურად მოწყვეტილი იყო სიმართლეს და სამართლიანობას. სამწუხაროდ, დღეს,  საქართველო ისევ დასაჯეს, ახალი მოიფიქრეს - მოლაპარაკებების გახსნა-არგახსნა. თეთრზე შავით გვიმტკიცებენ, რომ დსთ-ს წევრი ქვეყანა ნათელ ფერებშია, საქართველო კი - ბნელში. ალბათ გახსოვთ ეს განცხადება, რომელიც ბატონმა ბორელმა გააკეთა. ეს არის ევროპული სამართლიანობა? კითხვა რიტორიკულია, პასუხი კი გახლავთ პრემიერ-მინისტრის 28 ნოემბრის განცხადება, როდესაც მივიღეთ გადაწყვეტილება, მთელი პასუხისმგებლობა დაეკისროს ევროკავშირის უწყებებს. ჩვენ ღიად ვთქვით, რომ მხოლოდ და მხოლოდ მათზეა დამოკიდებული მოლაპარაკებების გახსნის ბედი და ეს არ უნდა იქცეს პოლიტიკური სპეკულაციების თემად. რა თქმა უნდა, მათ დღეს შეუძლიათ თავისუფლად გახსნან მოლაპარაკებები, საქართველოს ხელისუფლება კი მზადაა, ხელი მოაწეროს აღნიშნულ დოკუმენტს, თუმცა ამ თემით მუდმივი შანტაჟი, მანიპულაციები კატეგორიულად მიუღებელია.

მაშინ რამ გამოიწვია აქციების ტალღა? - რასაკვირველია, ეს არის ისევ და ისევ იმ გეგმის ნაწილი, რომელიც წინასწარ გათვლილი და დაკვეთილი იყო არჩევნების შემდგომი პერიოდისთვის. „ქართული ოცნების“ საარჩევნო დაპირება მოსახლეობის პრიორიტეტების გამოძახილია - მშვიდობა, კეთილდღეობა, ღირსეული ევროპული მომავალი. სწორედ ამიტომ გვენდო საქართველოს მოსახლეობა კიდევ ერთხელ და გვანდო ამ ქვეყნის ბედი. ამ ნდობას ჩვენ თვალისჩინივით ვუფრთხილდებით და არავის მივცემთ უფლებას ფეხქვეშ გათელოს ჩვენი ხალხის უდიდესი ნაწილის არჩევანი." - განაცხადა კახა კალაძემ.