მეგობრებო, სიძულვილით არავის გაუმარჯვია, ყველა ეს მცდელობა ფუჭია და დროებითი. უახლესი ისტორიიდან ვიცით, რა მოუტანა საქართველოს სამოქალაქო დაპირისპირებამ, რისკენაც ასე ისწრაფიან ჩვენი გარე თუ შიდა მტრები. ეს იქნება დამღუპველი ჩვენი ქვეყნისთვის, რასაც არავითარ შემთხვევაში არ დავუშვებთ. - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძე საკრებულოში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
"არჩევნები შედგა და ჩვენი მოსახლეობის დიდმა ნაწილმა - 1 მილიონ 120 ათასმა ამომრჩეველმა ხმა მისცა „ქართულ ოცნებას“. ჩვენ ვნახეთ ეუთო/ოდირის საბოლოო ანგარიში, რომელიც იმეორებს წინასწარი ანგარიშის ძირითად დასკვნას, რომ 26 ოქტომბერს ამომრჩეველს ჰქონდა „ფართო არჩევანი“, ხოლო პოლიტიკურ პარტიებს შეეძლოთ „კამპანიის თავისუფლად წარმოება“, შექებულია ცესკო არჩევნების „კარგად ორგანიზებისა და ადმინისტრირებისთვის“, ხაზგასმულია წინასაარჩევნო კამპანიის მშვიდი გარემო.
რასაკვირველია, არის გარკვეული შენიშვნები, როგორც “ქართული ოცნების”, ისე ოპოზიციური პარტიების მისამართით, თუმცა მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ ეუთო/ოდირის მისია მზადყოფნას გამოთქვამს, ითანამშრომლოს საქართველოს არჩეულ ხელისუფლებასთან საარჩევნო გარემოსა და პროცედურების შემდგომი გაუმჯობესებისთვის და რა თქმა უნდა, ჩვენც მზად ვართ, ის შენიშვნები, რაც არის გამოსწორებული იყოს მომდევნო წლების განმავლობაში.
და რას ვხედავთ ამ დროს რუსთაველის გამზირზე? - კარგად ორგანიზებული რადიკალური ჯგუფები, ექსტრემისტული ორგანიზაციები, არასამთავრობო ორგანიზაციები, ოპოზიციური პარტიები, რომელთა ლიდერად გარე ძალებმა დანიშნეს სალომე ზურაბიშვილი, ზიზღით, აგრესიით, ბულინგით ესხმიან თავს ყველას, ვისაც უნდა მშვიდობა, ქვეყნის განვითარება და მისი ევროპული მომავალი. ნახეთ, რა ხდება სოციალურ ქსელებში, რა მასშტაბის ფინანსური რესურსია ჩადებული იმაში, რომ სოკოებივით მომრავლებულმა ათასგვარმა გაურკვეველმა ჯგუფებმა მოახდინონ საზოგადოებრივი აზრის ფორმირება, ცხადია ეს არ გამოსდით და ძალადობით, ლანძღვა-გინებით ესხმიან თავს ყველას და ყველაფერს. აბულინგებენ ყველას - მეწარმეებს, ხელოვანებს, სპორტსმენებს, მეცნიერებს, სტუდენტებს, ბებია-ბაბუებს, სკოლებში უვარდებიან მცირეწლოვან ბავშვებს. სიძულვილის კამპანია, განსხვავებული აზრის სრული მიუღებლობა რევოლუციური სცენარის ნაწილია. ეს არის ლიბერალური ფაშიზმი და ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ქვეყანაში ფაშიზმი დავასრულოთ. ქვეყანაში უნდა დასრულდეს ის მდგომარეობა და ვითარება, რაც გვაქვს ამ კონკრეტული ძალადობის სახით. თუ შენ დღეს გაქვს განსხვავებული მოსაზრება, მაშინვე ხარ მტერი, აკრავთ რაღაც იარლიყებს - „რუსეთუმე“, „რუსი“. ჩვენ არავის მივცემთ იმის შესაძლებლობას, რომ საზოგადოება დაყოს. რა თქმა უნდა, შეიძლება გვქონდეს სხვადასხვა მოსაზრება, მაგრამ უნდა გვქონდეს ამის მიმღებლობა და ის, რასაც აკეთებენ ბოლო თვეების, ბოლო წლების განმავლობაში, არის ლიბერალური ფაშიზმი და ფაშიზმი უნდა დასრულდეს ქვეყანაში.
მეგობრებო, სიძულვილით არავის გაუმარჯვია, ყველა ეს მცდელობა ფუჭია და დროებითი. უახლესი ისტორიიდან ვიცით, რა მოუტანა საქართველოს სამოქალაქო დაპირისპირებამ, რისკენაც ასე ისწრაფიან ჩვენი გარე თუ შიდა მტრები. ეს იქნება დამღუპველი ჩვენი ქვეყნისთვის, რასაც არავითარ შემთხვევაში არ დავუშვებთ. დღეს სახელმწიფო ძლიერია, ძლიერია ყველა სახელმწიფო ინსტიტუტი და რაც მთავარია, დღეს ხელისუფლება სარგებლობს მოსახლეობის უდიდესი ნაწილის მხარდაჭერით და თანადგომით.
მადლობას ვუხდი თითოეულ საჯარო მოხელეს, თითოეულ მეწარმეს, პედაგოგს თუ რიგით მოქალაქეს, ვინც მაღალ სამოქალაქო შეგნებას და პასუხისმგებლობას იჩენს ამ რთულ პერიოდში. ვემსახუროთ საკუთარ საქმეს და ჩვენს ქვეყანას კეთილსინდისიერად ისევ და ისევ ჩვენი ქვეყნის ხვალინდელი დღისთვის, მისი ევროპული მომავლისთვის, რომელიც აუცილებლად დადგება." - განაცხადა კახა კალაძემ.