2 წელიწადში, გაფორმებული შესყიდვების მიღების შედეგად, ფაქტობრივად სრულიად გვექნება დაცული სამივე ეშელონი თბილისის ცა, მათ შორის, სტრატეგიული ობიექტები, აეროპორტები, სამხედრო ობიექტები და სხვა. ეს არასოდეს ყოფილა საქართველოში და ჩვენ ამას მივაღწევთ, - ამის შესახებ ჯუანშერ ბურჭულაძემ გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა. თავდაცვის მინისტრმა თავდაცვის საშუალებების ადგილობრივი წარმოების შესახებაც ისაუბრა და აღნიშნა, რომ სამინისტროსთვის ეს პრიორიტეტული მიმართულებაა და აქცენტი დრონების წარმოებაზე გააკეთა.

„ჩვენ ომამდე გვქონდა უკვე მოლაპარაკებები პოლონურ კომპანიასთან, რომელიც იყო ძალიან წარმატებული ამ მიმართულებით. დავაფუძნეთ ერთობლივი საწარმო „დელტაში“. ომის შემდეგ, ფაქტობრივად რამდენიმე წელი უნდა ელოდო, რომ მიიღო რამე შეიარაღება, თუმცა, ჩვენ ომამდე გვქონდა დაწყებული პროცესი და ამან ძალიან დაგვაწინაურა შესყიდვებში და ასევე წარმოების მიმართულებით. „დელტაში“ უკვე სატესტო სწავლებაც გვქონდა აქ ნაწარმოები უპილოტო საშუალებებით. რამდენიმე დღის წინ ვაზიანის ბაზაზე სწავლებამ დიდი წარმატებით ჩაიარა. გარდა ამისა, იცით, რომ შაშხანების ძალიან ამბიციური პროექტი გვაქვს. მოვითხოვეთ, რომ ნატოზე უფრო მეტი სიმკაცრის სტანდარტებით იწარმოოს ჩვენთან [პროდუქცია]. ამ მიზანს რა თქმა უნდა მივაღწევთ და გვექნება ადგილობრივი წარმოების შაშხანები და დრონები“, - განაცხადა ჯუანშერ ბურჭულაძემ.