პარტია "ქართული დასის" ლიდერის, ჯონდი ბაღათურიას განცხადებით, დავით გარეჯის საზღვრის დადგენის საკითხთან დაკავშირებით სახელმძღვანელო რუკა ორი იყო – 500 000-იანი მასშტაბის, რომელიც 1938 წელს იყო დაბეჭდილი და 1937 წელს დაბეჭდილი 200 000-იანი მასშტაბის რუკა.
„რუკა უამრავია, მაგრამ აქ რომელიმე სხვა რუკის მაგიდაზე ყურით შემოთრევა აბსოლუტურად არარელევანტურია და არანაირი იურიდიული ძალა არ აქვს. რუკა უამრავია, ზოგი 1927 წლის რუკაზე ლაპარაკობს და ზოგი 1921 წლის რუკაზე, მაგრამ 1927-28 წელს საქართველოს სახელმწიფო საერთოდ არ არსებობდა და ის 1921 წლის ანექსიის შემდეგ 1936 წელს შეიქმნა. ეს იყო ახალი კონსტიტუცია, როცა ე.წ სტალინის კონსტიტუცია მიიღეს და მაშინ ერთი რესპუბლიკა იყო, ამიერკავკასიის – საქართველოს, აზერბაიჯანის და სომხეთის, ცენტრი კი თბილისში იყო. ასე რომ, ზოგიერთი რომ რაღაც 1927-28 წლის რუკებზე ბოდავს, ეს უბრალოდ, სამტრედია-ხონს შორის ადმინისტრაციული საზღვრების ამბავია, ერთ რესპუბლიკას შორის რაღაც ადმინისტრაციული საზღვრები და არა სახელმწიფოებს შორის საზღვრები“, – განაცხადა ჯონდი ბაღათურიამ საქართველოს პირველი არხის ეთერში. მისივე თქმით საზღვრის დადგენაზე ერთადერთი ლეგიტიმური შეთანხმება, რაც საბჭოთა კავშირის დროს მოხდა და მას შემდეგ ეს არ გადახედილა, იყო საქართველოს, აზერბაიჯანს და სომხეთს შორის 1938 წლის შეთანხმება. „იქ წერია არა მხოლოდ რუკა, არამედ მდგომარეობით. იმიტომ, რომ იქ მერე ოქმები გაფორმდა – დაზუსტდა მდგომარეობით და ის მდგომარეობა ჩვენ სასარგებლოდ არის“, – განაცხადა ჯონდი ბაღათურიამ. მისი თქმით, 1938 წელს გამოშვებული რუკა 500 000 მასშტაბის იყო, რომელზეც ადამიანის მიერ ხელქმნილი არც ერთი ობიექტი არ არის დატანილი. „იქ არაფერი არ არის დატანილი – ტაძარი, მონასტერი და ა.შ. ეს იმდენად დიდი მასშტაბის რუკაა, რომ ჩანს მდინარე, ჩანს ქედი, რომლის სიმაღლეც კი არ ჩანს და ა.შ. იმისთვის, რომ ამ რუკის დეტალიზაცია მომხდარიყო, უნდა ესარგებლათ 1937 წელს დაბეჭდილი უფრო მსხვილი მასშტაბის რუკით, რომელიც 200 000-იანი მასშტაბისაა და, სადაც ცხადად და გასაგებად ჩანს, რომ საზღვარი ქედის ქვევით გადის და დაახლოებით, 400-500 მეტრის იქით, ვიდრე არის უდაბნოს მონასტერი. სააკაშვილი რომ ლაპარაკობს ქედზე, ეს ქედი არის სიგრძეზე გაწელილი ორი ფერდობი. ერთი ფერდობის ქვევით არის ლავრა და ქედზე რომ ავდივართ, იქიდან მეორე ფერდობი იწყება. ისიც იყო და არის საქართველოს ტერიტორია, მაგრამ პრეზიდენტის მითითებით აი, ამ მხარის დათმობის მცდელობა ჰქონდა იმ „ღრმად პატივცემულ“ კომისიას და „ღრმად პატივცემულ“, სახელმწიფო ღალატში ბრალდებულებს, ბატონ მელაშვილსა და ქალბატონ ილიჩოვას“, – განაცხადა ჯონდი ბაღათურიამ.