"მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ევროკავშირი "სახალხო დამცველის აპარატის დახმარებისა და ხელშეწყობის პროექტს" გიორგი ტუღუშს აბარებს. ანალოგიურ პროექტს ის 2009 წელსაც უძღვებოდა. მოქმედი სახალხო დამცველი აცხადებს, რომ აუცილებლად ითანამშრომლებს გიორგი ტუღუშთან. ითანამშრომლებს, რა თქმა უნდა!!!" - წერს პატრიოტთა ალიანსის ლიდერი ირმა ინაშვილი თავის სოციალურ ქსელში.
" ბატონ იოსელიანს არც 2004-2012 წლების მოვლენები შეხებია და, ვფიქრობ, ისიც არ ესმის, სად მოხვდა. სამაგიეროდ, "ქართული ოცნება" იქნება კმაყოფილი მის მიერ მხარდაჭერილი სახალხო დამცველის ასეთი ღრმა კონსტრუქციულობით.ვისაც არ გახსოვთ, შეგახსენებთ, რომ ბატონი ტუღუში სააკაშვილის რეჟიმის ერთგული და აქტიური დასაყრდენი გახლდათ, რომელიც სასჯელაღსრულების მინისტრი იყო, მაგრამ ციხეებში პატიმართა მასობრივი წამების ფაქტებს ვერც ხედავდა, არც იმჩნევდა და არც აღიარებდა, თუმცა, ამ სასტიკ დანაშაულზე დეტალური ინფორმაცია ჰქონდა.
სწორედ მისი დავალებითა და მონაწილეობით გააქრეს სასჯელაღსრულების სისტემიდან დანაშაულის ამსახველი ვიდეომასალა (სათვალთვალო კამერებით გადაღებული მასალები), რომლებიც 2012 წლის ცნობილი მოვლენებისას, თურმე, წაიშალა. ახლა გიორგი ტუღუში ევროკავშირის ეგიდით სახალხო დამცველის აპარატის გამართულ ფუნქციონირებაზე მორიგჯერ იზრუნებს. აბა, თქვენ იცით. ნაყოფიერად ითანამშრომლეთ ერთმანეთთან "ქართული ოცნების" მიერ მხარდაჭერილ-დანიშნულმა სახალხო დამცველმა და სააკაშვილის რეჟიმის სახემ- გიორგი ტუღუშმა.
აი, ეს ხალხი გვპირდება, რომ დაიცავს ადამიანის უფლებებს. ფრაგმენტი გ. ტუღუშის ბიოგრაფიიდან:2009 წლიდან ხელმძღვანელობდა ევროკავშირის პროექტს "სახალხო დამცველის ხელშეწყობა", ამავე წელს საქართველოს პარლამენტმა აირჩია საქართველოს სახალხო დამცველად. 2012 წლის სექტემბერში დაინიშნა საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრად.