საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ თურქეთის პრეზიდენტს, რეჯეფ თაიფ ერდოღანს თურქული სამხედრო თვითმფრინავის ჩამოვარდნის გამო მიუსამძიმრა. პრემიერ-მინისტრი თურქეთის პრეზიდენტს ტელეფონით ესაუბრა.
ირაკლი კობახიძე სოციალურ ქსელ X-ზე აღნიშნავს, რომ საქართველო, ამ რთულ დროს, სრულ სოლიდარობას უცხადებს თურქ მეგობრებს.
„გულწრფელი სამძიმარი გამოვუცხადე პრეზიდენტ ერდოღანს საქართველოში თურქეთის საჰაერო ძალების სატვირთო თვითმფრინავის ტრაგიკული ჩამოვარდნის გამო. ამ რთულ დროს, საქართველო სრულ სოლიდარობას უცხადებს თურქ მეგობრებს. ჩვენი ფიქრები მიმართულია დაღუპულებისკენ, მათი ახლობლებისა და ამ ტრაგედიის შედეგად დაზარალებული ყველა პირისკენ,“- აღნიშნავს პრემიერ-მინისტრი.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სიღნაღის მუნიციპალიტეტში, საქართველოს საზღვრიდან დაახლოებით 5 კილომეტრში ჩამოვარდა თურქული სამხედრო თვითმფრინავი, რომელიც აზერბაიჯანი-თურქეთის მიმართულებით ასრულებდა რეისს.
ამასთან, როგორც „საქაერონავიგაციაში“ განაცხადეს, თურქეთის C130 ტიპის საჰაერო ხომალდი რადარებიდან საქართველოს ტერიტორიის გადმოკვეთიდან რამდენიმე წუთის შემდეგ, განგაშის სიგნალის გადმოცემის გარეშე გაქრა, რის შემდეგადაც ძებნა-შველის სამუშაოები დაიწყო.
ამასთან, თურქეთის თავდაცვის სამინისტრო ადასტურებს, რომ საქართველო-აზერბაიჯანის საზღვარზე თურქეთის „C-130“-ის ტიპის სატრანსპორტო თვითმფრინავი ჩამოვარდა.
მათივე ცნობით, თვითმფრინავის ბორტზე 20 სამხედრო იმყოფებოდა.








