საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი თურქული სამხედრო სატვირთო თვითმფრინავის კატასტროფის გამო მწუხარებას გამოთქვამს. განცხადებას საქართველოს პრეზიდენტი სოციალურ ქსელში აქვეყნებს.

„ვიზიარებთ თქვენს მწუხარებას საქართველოში თურქული სამხედრო სატვირთო თვითმფრინავის ჩამოვარდნის შედეგად ადამიანთა დაღუპვის გამო. ამ თავზარდამცემმა ტრაგედიამ უკიდურესად დაგვამწუხრა და რა თქმა უნდა, უმძიმეს წუთებში, თურქი ხალხის გვერდით ვართ“,- წერს მიხეილ ყაველაშვილი.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სიღნაღის მუნიციპალიტეტში, საქართველოს საზღვრიდან დაახლოებით 5 კილომეტრში ჩამოვარდა თურქული სამხედრო თვითმფრინავი, რომელიც აზერბაიჯანი-თურქეთის მიმართულებით ასრულებდა რეისს.

ამასთან, როგორც „საქაერონავიგაციაში“ განაცხადეს, თურქეთის C130 ტიპის საჰაერო ხომალდი რადარებიდან საქართველოს ტერიტორიის გადმოკვეთიდან რამდენიმე წუთის შემდეგ, განგაშის სიგნალის გადმოცემის გარეშე გაქრა, რის შემდეგადაც ძებნა-შველის სამუშაოები დაიწყო.

ამასთან, თურქეთის თავდაცვის სამინისტრო ადასტურებს, რომ საქართველო-აზერბაიჯანის საზღვარზე თურქეთის „C-130“-ის ტიპის სატრანსპორტო თვითმფრინავი ჩამოვარდა.

მათივე ცნობით, თვითმფრინავის ბორტზე 20 სამხედრო იმყოფებოდა.