დაველოდებით ვენეციის კომისიის დასკვნას და ამის მიხედვით გაგრძელდება მსჯელობა. ვნახოთ რასთან დაკავშირებით წამოვა დასკვნები და რეკომენდაციები, - ამის შესახებ ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტებზე საუბრისას განაცხადა. „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე აქცენტს კანონპროექტებში გამოყენებულ ტერმინოლოგიაზე აკეთებს.

„არის ამერიკული კანონი, სადაც არა თუ „უცხოური გავლენის აგენტი“ ეწოდება შესაბამის სუბიექტს, არამედ პირდაპირ „უცხოელი აგენტი“. თუ ვენეციის კომისია იტყვის, რომ „უცხოელი აგენტი“ უკეთესი ტერმინია, ვიდრე „უცხოური გავლენის აგენტი“, შეიძლება „უცხოელ აგენტს“ დავუჭიროთ მხარი. ვნახოთ, რას ტყვის ვენეციის კომისია. ამის მიხედვით გაგრძელდება მსჯელობა და მივიღებთ საბოლოო გადაწყვეტილებას“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

14 თებერვალს „ხალხის ძალამ“ საქართველოს პარლამენტში „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი დააინიცირა. ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერმა, ნედ პრაისმა პარლამენტში წარდგენილი კანონპროექტი დაიწუნა და მასში გარკვეული საფრთხე დაინახა.

კანონპროექტი "უცხოელი აგენტების რეგისტრაციის შესახებ" პარლამენტის ბიუროს დღეს წარედგინება